ბიზნესი
18/10/2022

კასპის საკონსერვო ქარხანამ ნატურალური წვენების წარმოება 2023 წლამდე გადადო

კასპის საკონსერვო ქარხანამ ნატურალური წვენების წარმოება 2023 წლამდე გადადო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა ოთარ მერებაშვილმა განუცხადა,ასევე გადაიდო ხორცის კონსერვების წარმოების დაწყებაც. მისი ინფორმაციით, მიზეზი  არსებული ასორტიმენტის სარეალიზაციო მასშტაბის გაზრდაა.  

კომპანია  ნატურალური წვენების პირველი პარტიის გამოშვებას მიმდინარე წლის აგვისტოში გეგმავდა. 

განიხილებოდა ბროწეულის, ალუბლის და ციტრუსების 1 ლიტრიან მინის ბოთლებში  ჩამოსხმა. ასევე დაგეგმილი იყო პლასტმასის ბოთლებში წარმოებაც.  ნედლეულს კი კომპანია ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს.

შეგახსენებთ, კასპის საკონსერვო ქარხანა ამ დროისთვის 40-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს. მათ შორისაა, მურაბები, აჯიკები, მწნილები და ა.შ. წარმოებული პროდუქციის 50% საექსპორტოა. კომპანია ნედლეულს იბარებს როგორც ადგილობრივებისგან, ისე მთლიანად შიდა ქართლიდან და მარნეულიდან.

კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო   პროდუქციის ნაირსახეობებს.

დღესდღეობით TMT-ს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც მსხვილ სუპერმარკეტებში, ისე მსხვილ ქსელებში. 2008 წლიდან კომპანია აწარმოებს ექპორტს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, ამერიკა, აფრიკა და ისრაელი.

Businesspartner