ბიზნესი
09/12/2022

კასპის საკონსერვო ქარხანა ნატურალური წვენების წარმოებას 2023 წლის თებერვლიდან გეგმავს

კასპის საკონსერვო ქარხანა ნატურალური წვენების წარმოებას 2023 წლის თებერვლიდან გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა ოთარ მერებაშვილმა განუცხადა, საწყის ეტაპზე დაგეგმილია 4 სახეობის წვენის წარმოება.

განიხილება ბროწეულის, ალუბლის და ციტრუსების 1 ლიტრიან მინის ბოთლებში  ჩამოსხმა. ასევე დაგეგმილია პლასტმასის ბოთლებში წარმოებაც.  ნედლეულს კი კომპანია ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს.

მერებაშვილის ინფორმაციით, 2023 წელს განიხილება  ხორცის კონსერვების წარმოების დაწყებაც.

შეგახსენებთ, კასპის საკონსერვო ქარხანა ამ დროისთვის 40-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს. მათ შორისაა, მურაბები, აჯიკები, მწნილები და ა.შ. წარმოებული პროდუქციის 50% საექსპორტოა. კომპანია ნედლეულს იბარებს როგორც ადგილობრივებისგან, ისე მთლიანად შიდა ქართლიდან და მარნეულიდან.

კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო   პროდუქციის ნაირსახეობებს.

დღესდღეობით TMT-ს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც მსხვილ სუპერმარკეტებში, ისე მსხვილ ქსელებში. 2008 წლიდან კომპანია აწარმოებს ექპორტს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, ამერიკა, აფრიკა და ისრაელი.

 

Businesspartner