ქართველ მწარმოებლებს არაბთა გაერთიანებული საამიროების 10-მლნ-იან ბაზარზე ხელმისაწვდომობა უჩნდებათ
ქართველ მწარმოებლებს 10-მილიონიან მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე ხელმისაწვდომობა უჩნდებათ, - საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები თბილისში მიმდინარეობს 17 მარტს დასრულდება, განისაზღვრება სავარაუდო თარიღი, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად, შეთანხმების ტექსტი მზად იქნება ოფიციალური ხელმოწერისთვის.
"არაბეთის გაერთიანებულ საემიროების ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა მიმართულებით რათა განხორციელდეს ინვესტიციები. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც საემიროებთან მოლაპარაკებები დავიწყეთ, ვაჭრობა მნიშვნელოვნად, 51%-ით არის გაზრდილი და 2022 წელს 300 მილიონ დოლარს აჭარბებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შედეგი რასაც ჩვენ ველოდით რომ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ უფრო მეტად გააქტიურდებოდა სავაჭრო ურთიერთობები, უკვე მოიტანა შედეგი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი2"-ზე.
არველაძის თქმით, არაბეთის გაერთიანებულ საემიროების ბაზარზე გასვლის პოტენციალი გააჩნია, როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს, ასევე ინდუსტრიულ პროდუქციას.
"მოლაპარაკებების პროცესში სწორედ ეს პროდუქტებია ის ინტერესის სფერო, რომელსაც ჩვენ ვიცავდით და მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ნახავთ რომ საქართველომ ყველა ამ პოზიციაზე, რომელსაც აწარმოებს დღეს, ან აქვს წარმოების პოტენციალი, დაიცვა თავისი ინტერესები და მოვახდინეთ ტარიფების განულება რაც არის მნიშვნელოვანი და დამატებითი შესაძლებლობა ჩვენი ექსპორტიორებისთვის", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებაზე მხარეები 2020 წლის დეკემბერში შეთანხმდნენ, 2022 წლის 9 მაისს კი ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".
შეთანხმება დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრული ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.