ქართველ მეღვინე ქალებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აფერხებთ
ბანკში მაღალი საპროცენტო განაკვეთები ფინანსებზე ხელმისაწვდომობას აფერხებს, ეს კი ის მთავარი გამოწვევაა, რომელიც ქართველ მეღვინე ქალებს საქმიანობაში ხელს უშლის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ასოციაციის „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ თანადამფუძენებლმა მაია კაციტაძემ განუცხადა, ღვინის ინდუსტრიაში გამოწვევები ქალბატონებისთვის ჯერ კიდევ ბევრია.
"ჩვენი ასოციაციის შექმნის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ მათ ამ პრობლემების მოგვარებაში დავხმარებოდით და ჩვენი ცოდნა გაგვეზიარებინა. ძირითადი გამოწვევები მაინც ყოფითი პრობლემებია, მაგალითად არ აქვთ ცოდნა, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ შექმნან პროდუქტი, ეს პროდუქცია იყოს ხარისხიანი, როგორ შეიძლება გაიტანონ ეს პროდუქტი შემდეგ საერთაშორისო ბაზრებზე. ამ საკითხებზე ჩვენმა ასოციაციამ არაერთი ტრენინგი ჩაატარა, ამას მომავალშიც ვგეგმავთ“, - აღნიშნა ასოციაციის „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ თანადამფუძენებლმა.
მისივე ინფორმაციით, „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ საერთაშორისო დონორების მოძიებაზეც მუშაობს, რათა ქართველ მეღვინე ქალებს ღვინის წარმოებაში ხელი შეუწყოს.
ასოციაცია მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაშიც. მაგალითისთვის, ქართველი მეღვინე ქალების მიერ წარმოებული ღვინო ჰონგ-კონგში გამოიფინება, სადაც 27 და 28 თებერვალს საქართველოს დღეები გაიმართება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მაია კაციტაძემ განუცხადა, გამოფენაზე ქართველ მეღვინე ქალებს ცალკე სტენდი დაეთმობათ, სადაც წარმოდგენილი იქნება ასოციაციაში შემავალი ყველა მეწარმის ღვინო. შესაბამისად, ასოციაციაში იმედი აქვთ, რომ ჰონგ-კონგიდან საინტერესო საექსპორტო შემოთავაზებებით დაბრუნდებიან.
გარდა ამისა, „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ კიდევ ერთ პროექტზე მუშაობს, კერძოდ - 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ანალოგიური ტიპის გამოფენის მოწყობას ლონდონშიც გეგმავს და ამ საკითხე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.