"ქართული ზეთისხილი“ ქარხნის წარმოების 3-ჯერ გაფართოებას გეგმავს
კომპანია „ქართული ზეთისხილი“ ქარხნის წარმოების 3-ჯერ გაფართოებას გეგმავს.ამის მთავარი მიზეზი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნის ზრდაა.
როგორც გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი სვანიძემ განმარტა, საქართველოში მოყვანილი ზეთის ხილის ხარისხი საკმაოდ მაღალია.
„ვთხოვ მოსახლეობას, რაც შეიძლება მეტი ზეთისხილის ნერგი დარგონ. როდესაც ვსაუბრობთ ისეთ ბრენდებზე, როგორიცაა კარფური და სხვა დიდი ქსელები, აუცილებელია წარმოების გაზრდა.როგორც ცნობილია, "კარფურმა" ჩვენი ზეთი მსოფლიო მასშტაბით პრემიუმ ხაზში განათავსა. ჩვენ დეფიციტში ვართ, არ გვყოფნის პროდუქცია, რომ ქართულ ბაზარსაც მოხმარდეს და ექსპორტსაც“,- განაცხადა სვანიძემ.
როგორც ცნობილია, ქართული ზეთი პირველად 2016 წელს გამოჩნდა და ადგილობრივი ბაზრის 10-12% დაიკავა, დღეს კი იმპორტირებული პროდუქტის დაახლოებით 20-22% ჩანაცვლებულია.
2016 წლის 26 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში "ქართული ზეთისხილის" გადამამუშავებელი პირველი ქარხანა გაიხსნა.
ზეთისხილის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.
კომპანიამ „ქართული ზეთისხილი“ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, რის შედეგედაც 300 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაცია (250 ათასი ზეთისხილის ნერგი) გაშენდა.