ბიზნესი
20/07/2020

ქართული CSR-ის ყულაბა - ქველმოქმედება თუ პასუხისმგებლობა

გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა საქართველოში თითქმის საუკუნე ნახევარს ითვლის? დიახ, არ შემცდარხართ, საუკუნე ნახევარი ნამდვილად 100 წელიწადზე მეტია. როგორც აღმოჩნდა, კორპორაციული პასუხისმგებლობის, როგორც კონცეფციისა და მიმართულების პირველი ნიშნები ქვეყანაში 1888 წლიდან ჩნდება. ქართველი სპეციალისტები მის ფუძემდებლად არც მეტი, არც ნაკლები ცნობილ საზოგადო მოღვაწესა და მეწარმეს, დავით სარაჯიშვილს მიიჩნევენ. ისტორია ასეთია, საფრანგეთში მოგზაურობიდან დაბრუნებულმა სარაჯიშვილმა 1888 წელს თბილისში კონიაკის პირველი ქარხანა გახსნა. მალევე, მეწარმემ გააცნობიერა, რომ თავისი ფირმის კომერციული წარმატება დიდწილად სწორედ დასაქმებულებს უკავშირდებოდა.

„ალექსანდრე სარაჯიშვილი 1878 წელს საფრანგეთში გაემგზავრა სადაც მეღვინეობის ტექნოლოგიის ყველა სახე ფუნდამენტურად შეისწავლა, განსაკუთრებით ღრმად - კონიაკისა და მაგარი სასმელების დამზადების ტექნოლოგია. როდესაც გაიგო, რომ კონიაკი, სასმელი, რომელიც ასე მოთხოვნადი იყო, ყურძნის ფუძეზე მზადდებოდა, გაუკვირდა, ყურძნის ქვეყანაში, საქართველოში კონიაკი რატომ არ მზადდებოდა. ამ საქმეში დიდი პოტენციალი დაინახა. 1888 წელს თბილისში პირველი ქარხანა გახსნა და რუსეთის იმპერიაში კონიაკის წარმოების სრულფასოვანი ტექნოლოგია დაამკვიდრა“,- გვიყვება, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და სიდას კორპორაციული მდგრადობის განვითარების დირექტორი, დავით მიქელაძე.

ნაამბობის მიხედვით, წარმატებულმა საქმიანობამ სარაჯიშვილს საშუალება მისცა, ჩამოეყალიბებინა იმ დროისთვის ძალზედ მსხვილი მასშტაბების ფირმა, რომელიც 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას აერთიანებდა. ამავე ანგარიშზე იყო მრავალი საწყობი თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგში, ბაქოსა და ერევანში.

„პროფესიული საქმიანობის უმაღლესი სტანდარტებით წარმართვის პარალელურად, დავით სარაჯიშვილი არ იშურებდა ძალ-ღონეს ისეთი ინიციატივების განსახორციელებლად, რაც შეგვიძლია საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის პირველ მაგალითებად მივიჩნიოთ. კერძოდ, პირველმა შემოიღო 8 საათიანი სამუშაო დღე (მანამდე 9-10 საათიანი იყო), ასევე ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, მუშებისთვის მოაწყო სასადილო, გახსნა ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და რაც მთავარია, ანდერძში დაიბარა, რომ ქარხნებიდან შემოსული თანხები მუშების კეთილდღეობას მოხმარებოდა. ანუ, ამ ქმედებებით ნათლად გაუსვა ხაზი, რომ მისი პირადი და ფირმის კომერციული წარმატება დიდწილად დამოკიდებული იყო დასაქმებულებზე. სწორედ ამიტომ მათი უფლებების დაცვა და მათი განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა, პირდაპირპროპორციულად იმოქმედებდა მის სამეწარმეო საქმიანობაზე“,- აღნიშნავს „ბიზნესპარტნიორთან“ დავით მიქელაძე.

მას შემდეგ, როგორც იტყვიან, ბევრმა წყალმა ჩაიარა. მინიმუმ, ერთმა სრულმა საუკუნემ მაინც. ყველაფერი ახალი მართლაც რომ კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა ამის მიუხედავადაც, მიმართულება, რომელიც 100 წელზე მეტს ითვლის, ბევრი ბიზნესისთვის რატომღაც უცხო ხილი გამოდგა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ უახლესი, 2019 წლის კვლევის მიხედვით, 1000-მდე გამოკითხული კომპანიიდან CSR სტრატეგია მხოლოდ 5%-ს აქვს გაწერილი. ეს ციფრი ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა.

„ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობა საქართველოში აქტიურად იკიდებს ფეხს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად, ბიზნესსა და საზოგადოებას წინ კიდევ ბევრი სამუშაო ელის. თავის მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიღებული ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში ბოლო წლებში პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესის წარმოების მიდგომები აქტიურად ინერგება“,- განმარტავს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და სიდას კორპორაციული მდგრადობის განვითარების დირექტორი.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ CSR-ის ადრეული განსაზღვრებები ძირითადად ფილანთროპიულ და საქველმოქმედო საქმიანობებზე კონცენტრირდებოდა. ამავე გამოცემის მიხედვით, დღესდღეობითაც, განვითარებად ქვეყნებში კორპორაციული პასუხისმგებლობა ხშირად კვლავაც ქველმოქმედებადაა გააზრებული. სწორედ ამიტომ, იმ სამუშაოში, რომელიც CSR-ის განვითარების საქმეში ქართულ კერძო სექტორს ჯერ კიდევ წინ აქვს, ალბათ, მნიშვნელოვან ადგილს იმის გააზრება დაიკავებს, რომ ეს მიმართულება ქველმოქმედება კი არა, საზოგადოების წინაშე არსებული საკმაოდ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. დროა, წლის ბოლოს, მიღებული შემოსავლების დათვლის პარალელურად, ბიზნესმა გააცნობიეროს, რომ მისი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი სწორედ საზოგადოებაა.

იმას, რომ დღეს საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობა არაერთი ბიზნესისთვის უბრალოდ პიარისა და მარკეტინგის შემადგენელი ნაწილია, არც კერძო სექტორში მალავენ. თუმცა, მეორე მხრივ ასევე არაერთი კომპანია არსებობს, რომელიც აცნობიერებს, რომ ბიზნესი საზოგადოებისგან სიკეთეებს იღებს და ეს სიკეთეები ამა თუ იმ ფორმით უკან უნდა დააბრუნოს.

„იმ საზოგადოებაში, სადაც მუშაობა გვიწევს, პირველ რიგში, მომხმარებლისთვის ჩვენი პროდუქციით სარგებლობის გამო მადლობის გადახდა გვინდა. მეორე, გვსურს, მათ არაპირდაპირ დავუბრონოთ ის კეთილგანწყობა, სიყვარული, რასაც ჩვენ მიმართ გამოხატავენ. აქედან გამომდინარე ჩვენ განვსაზღვრეთ არა ერთჯერადი, არამედ გრძელვადიანი პროექტები. მაშინაც კი, როდესაც კანონმდებლობა არ გვავალდებულებდა, უმაღლეს დონეზე ვწმენდდით ჩვენს ჩამდინარე წყლებს და საქართველოში, ჩვენს ინდუტრიაში წყლის გამწმენდი ნაგებობის თვალსაზრისით ყველაზე დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ. მეორე პროექტი, რომელიც უკვე მერვე წელია არსებობს, ეს არის ნატახტარის ფონდი, ანუ „იზრუნე მომავალზე“. 15-დან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობა მოკლებულ ახალგაზრდებს ვეხმარებით. ეს ის პერიოდია, როდესაც მათ საბავშვო სახლებში ცხოვრება უნდა დაამთავრონ და დამოუკიდებელ ეტაპზე უნდა გადავიდნენ. სწორედ მაშინ სჭირდებათ დახმარება და ჩვენ მათ ვამზადებთ, ვეხმარებით, თუ უნივერსიტეტში ჩააბარეს, ვუნიშნავთ სტიპენდიას, ვუვითარებთ პროფესიულ შესაძლებლობებს და ა.შ“,- განგვიმარტავს ნატახტარის მწარმოებელი „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

CSR სტრატეგიის მიმართულებით „ეფეს საქართველოს“ პრიორიტეტები დროებით, მას შემდეგ შეიცვალა, რაც გლობალური სამყარო ახალი კორონა ვირუსის პანდემიამ მოიცვა. ახალ რეალობის კვალდაკვალ საზოგადოებაში ახალმა საჭიროებებმა იჩინა თავი. Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში კომპანია სწორედ კორპორაციული პასუხისმგებლობის სახელით ჩაერთო.

„განვსაზღვრეთ სამი ძირითადი მიმართულება. პირველი, რა თქმა უნდა, StopCov ფონდში თანხის გადარიცხვა იყო. მეორე, დავიწყეთ ისეთი კამპანიები, როგორიც, მაგალითად, სამუშაო დაკარგული ბარმენებისთვის როგორც მატერიალური, ასევე სოლიდარული მხარდაჭერაა. ბარათები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ექიმების მხარდაჭერა და ინფექციურ საავადმყოფოს გადავეცით სანიტარიზაციის ხსნარები. გარდა ამისა, საკარანტინე სივრცეებში მყოფ მოქალაქეებს მხარდაჭერის მიზნით ჩვენს პროდუქციას ვურიგებდით.

როდესაც ვიღაცისთვის ფულის მიცემა, ან ფონდში თანხების გადარიცხვის საჭიროება ასე თუ ისე შემცირდა, ვიფიქრეთ, რა საჭიროება იდგა ქვეყნის წინაშე. ეს იყო ტესტები და ჩვენც 40 000 ლარის ღირებულების ტესტები შევიძინეთ. ეს იყო ჩვენი წვლილის შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი სოციალური ვალდებულება იყო ის, რომ პირველ დღესვე განვსაზღვრეთ, რომ ჩვენ უნდა შეგვენარჩუნებინა ყველა თანამშრომეი. ჩვენი გადაწყვეტილება პირნათლად შევასრულეთ“,- ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

განათლება, დასაქმება და ბიზნესის ხელშეწყობაა CSR სტრატეგიის სამი მთავარი მიმართულება საქართველოს ბანკისთვის. იმის გამო, რომ სამივე სფერო კორონა ვირუსის პანდემიის დროს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, საფინანსო ინსტიტუტს პრიორიტეტების გადალაგება არ მოუხდა, თუმცა საჭირო გახდა ახალი ინიციატივები.

„მაგალითად, ჯავახიშვილის სტუდენტებს ვუყიდეთ საკმაოდ დიდი თანხის ზუმის სასწავლო პლატფორმის ექაუნთები. COVID 19-ის გამოჩენამდე ამაში ფულს არ დავხარჯავდით, რადგან დისტანციური, ონლაინ სწავლების საჭიროება არ იდგა. დავიწყეთ ახალი პროექტი - პლატფორმა argacherde.ge, რომლითაც ბიზნესებს თავიანთი თავის წარდგენის შესაძლებლობა მივეცით. ადამიანებს შეეძლოთ ეყიდათ ამ კომპანიების პროდუქცია ან სერვისი წინასწარ და როდესაც პანდემია დამთავრდებოდა, მერე გამოიყენებდნენ. ამით კომპანიებს პანდმიის პირობებში არსებობისთვის ეხმარები. დასაქმების თვალსაზრისით, ახლა ვაკეთებთ პროექტს. კვლევებზე დაყრდნობით გამოვყავით ტოპ მომავლის პროფესიები და ადამიანებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით ვეხმარებით“,- აღნიშნა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

როგორც აღმოჩნდა, კორპორაციული პასუხისმგებლობა ფურცელზე დატანილი უსიცოცხლო სტრატეგია სულაც არ არის. პირიქით, ის საკმაოდ დინამიურია. განვითარებული CSR სტრატეგია ყოველდღიური ცხოვრების რითმს ყველაზე კარგად უნდა გრძნობდეს.

და ბოლოს, კორპორაციული პასუხისმგებლობა საზოგადოების კეთილდღეობაში დადებითი წვლილის შეტანას და იმ ზემოქმედების მართვას ნიშნავს, რომელსაც ბიზნესი გარემოსა და ადამიანებზე ახდენს. ამ პასუხისმგებლობის განსახორცილებლად კი ყველა საკუთარ გზას ირჩევს…

Businesspartner