ბიზნესი
01/03/2021
ქართულ მაღაზიათა ასოციაცია: ჩვენი წევრი 400-მდე კომპანიიდან 350 დაჯარიმების რისკის ქვეშაა
ჩვენი წევრი 400-მდე კომპანიიდან 350-ზე მეტი დაჯარიმების რისკის ქვეშაა, - განმარტავენ ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში, მიზეზი კი დამსაქმებლისთვის სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულებაა.
გაერთიანებაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებული სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულებას დაჩქარებულად აფასებენ და განმარტავენ, რომ ბიზნესს პანდემიის პერიოდში ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის საკმარისი დრო არ ჰქონია.
„მიმაჩნია, რომ მცირე მეწარმეებს რეგულაციების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონიათ. ისინი არ იყვნენ ინფორმირებული საერთოდ რა რეგულაციის ამოქმედება იგეგმებოდა და როდიდან უნდა ყოფილიყვნენ მზად კანონის დასაცავად. შესაბამისად, მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში დაიწყეს მზადება რეგულაციების დასაცავად. მართალია, ჩვენ ვცდილობდით დროულად მოგვეხდინა ჩვენი წევრების ინფორმირება, თუმცა უმეტესობა რეგულაციის სრულფასოვან დაცვას მაინც ვერ ახერხებს.
ვფიქრობთ, ამ რეგულაციის ასე ჩქარა ამოქმედება არ იყო აუცილებელი, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შეძლებენ კომპანიები სერვისები დროულად მოიყვანონ რეგულაციებთან შესაბამისობაში," - განმარტავს სანდრო სუბელიანი „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, კომპანიებს დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა მოუწევთ. გასულ წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით ვალდებულება დამსაქმებლებისთვის დღეიდან ამოქმედდა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით წარმოებული ანგარიში დამსაქმებლებმა 1 წლით უნდა დაარქივონ.