"კარგი დამსაქმებლის სტრატეგია" - საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა წახალისებასა და გაძლიერების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკის ორგანიზებითა და EFSE Entrepreneurship Academy-ს დაფინანსებით ქალი მეწარმეებისთვის მორიგი, სამდღიანი ვორქშოპი - „კარგი დამსაქმებლის სტრატეგია“ გაიმართება. სამუშაო შეხვედრას კომპანია EVA-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სალომე არღვლიანი გაუძღვება.
პროექტის მიზანია ქალ მეწარმეებს დაეხმაროს ბიზნესის გაციფრულებაში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის გაძლიერება. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია პროექტში ჩართული თითოეული კომპანიის ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება და ქალი მეწარმეებისთვის სამუშაო შეხვედრების (workshops) ჩატარება (გაყიდვები, მარკეტინგი, ოპერაციები), რათა მიღებული ცოდნით მეწარმეებმა დამოუკიდებლად შეძლონ სამოქმედო გეგმის შემუშავება და დანერგვა.
სამუშაო შეხვედრა მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიულ ნაწილში განხილული იქნება შემდეგი თემები: კარგი დამსაქმებელი (როგორია მოლოდინები და რეალობა); ადამიანების ანალიტიკა მდგრადი განვითარებისთვის. მესამე დღე კი პრაქტიკულ სამუშაოებს დაეთმობა, სადაც განხილულ თემებზე დისკუსია გაიმართება.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი იმ ბიზნესებს, რომელსაც სათავეში ქალი უდგას, იქნება ეს დაფინანსების თუ ინტელექტუალური მხარდაჭერის მიმართულებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული ვორქშოპი, რომელიც სალომე არღვლიანთან ერთად ჩატარდება. ვფიქრობთ, შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია ჩვენს ქალ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, უკეთ შეაფასონ საკუთარი ბიზნესი და ორგანიზაციული კულტურა. ასევე, გაიგონ HR-ის როლი და მისი მთავარი ასპექტები. მიიღონ რჩევები თუ როგორ გახდნენ უკეთესი დამსაქმებლები და როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში ვორქშოპზე მიღებული ცოდნა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერმა, ოლღა ნაკაშიძემ.
ინფორმაციისთვის, სალომე არღვლიანს HR-ის მიმართულებით 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. მას უმუშავია, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიის ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორებიცაა: Vodafone Deutschland GmbH, Comparex Deutschland AG, Bell flavor and fragrances, BDO, GIZ და სხვა.
ცნობისთვის, ქალი მეწარმეების მხარდასაჭერი პროექტი მთელი წლის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა ვორქშოპებით უმასპინძლებს. რაც შეეხება პირველ ვორქშოპს - ის Phubber-ის დამფუძნებელთან, ანანო დოლაბერიძესთან ერთად გაიმართა. შეხვედრაზე მეწარმეებმა მოისმინეს, თუ რა ხერხებითაა შესაძლებელი ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება და გაყიდვების ზრდა.