"კარფურის" მფლობელი კომპანია საქართველოში განხორციელებული კაპიტალდაბანდების გაორმაგებას გეგმავს
კომპანია Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰანი ვეისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
ჰანი ვეისი აღნიშნავს, რომ ბიზნესის ზრდისა და გაფართოების მიმართულებით აღებული ვალდებულების ფარგლებში კომპანიას სურს საქართველოში უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდება 2025 წლისთვის გააორმაგოს.
“2023 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვაგრძელებთ ჩვენი ბიზნესის ზრდისა და გაფართოების მიმართულებით აღებულ ვალდებულებას და გვსურს საქართველოში უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდება 2025 წლისთვის გავაორმაგოთ.
განსახილველ საკითხებს შორის პირველ ადგილზე იყო მდგრადობა და ჩვენი გუნდების აქცენტირება განახლებად ენერგიაზე, რათა საქართველოში ჩვენი 80-ზე მეტი ობიექტისთვის უწყვეტი მიწოდება იქნეს უზრუნველყოფილი”,-აღნიშნავს ჰანი ვეისი.
შეგახსენებთ, Majid Al Futtaim-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების ჰოლდინგია, რომელიც ფლობს და მართავს სავაჭრო ცენტრებსა და დასასვენებელ ობიექტებს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 17 ქვეყანაში. ჰოლდინგში 43 000 ადამიანია დასაქმებული. მისი შემოსავალი კი, 8.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში Majid Al Futtaim-ი ჰიპერმარკეტ “კარფურის” მფლობელია.