"ქალების ფინანსური დამოუკიდებლობა მათი უფლებების გაძლიერებას ნიშნავს" - ნათია ჯანელიძე
ბიზნესფედერაციამ “ქალები მომავლისთვის” ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
სასწავლო დაწესებულებამ გაეროს ქალთა ორგანიზაციას და მის წარმომადგენელს საქართველოში კაორი იშიკავას უმასპინძლა. ღონისძიება გაიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში, რომლის მთავარი საკითხები იყო ქალთა გაძლიერების მნიშვნელობა და გამოწვევები. სპიკერებმა ყურადღება გაამახვილეს განათლების, როგორც ქალთა პიროვნული გაძლიერების, მთავარ ფუნდამენტზე.
ბიზნესფედერაცია ღონისძიებაზე “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საჭოს წევრმა ნათია ჯანელიძემ წარადგინა, რომელმაც საქართველოში არსებულ გენდერულ სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ქალების დაბალი აქტივობის მიზეზი უთანასწორო გარემოა.
“2020 წელს საქართველოში ქალების მხოლოდ 34% იყო დასაქმებული; ბიზნესის დამფუძნებელი კაცების რიცხვი კი თითქმის ორჯერ აღემატება ქალებისას. როგორ ფიქრობთ, რატომ არ მუშაობენ ქალები, ან რატომ არ სურთ გახდნენ ბიზნესის დამფუძნებლები? - ამას თავისი მიზეზი აქვს, რომელსაც გენდერული უთანასწორობა და არათანაბარი შესაძლებელობი ჰქვია”, - განაცხადა ნათია ჯანელიძემ.
საკუთარ გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ბიზნესფედერაციის “ქალები მომავლისთვის” როლს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში; ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ასოციაცია დგამს მეწარმე ქალების ხელშეწყობისა და მათი გადამზადებისთვის. როგორც ნათია ჯანელიძემ აღნიშნა, ქალების ფინანსური დამოუკიდებლობა მათი უფლებების გამყარებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ნიშნავს, ამიტომაც “ქალები მომავლისთვის” აქცენტი სწორედ ეკონომიკაში ქალების ჩართულობის ზრდაა.
ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანია გლობალური ინიციატივაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, დაიწყო და ამ დრომდე სხვადასხვა აქტივობით გრძელდება.