ბიზნესი
10/02/2023

"ქალები მომავლისთვის" ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სამწლიან პროექტში ერთვება

"ქეა კავკასიამ" სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური სამწლიანი პროექტი „ქალის ძალა, ქალის მომავალი“ დაიწყო, რომელიც ადგილობრივ და რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდება.

პროექტის „ქალი ძალა, ქალის მომავალი“ მიზანია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების, სამართლიანობისა და მეწარმეობის ხელშეწყობით, ასევე ტრანს სასაზღვრო ვაჭრობასა და ბიზნეს ურთიერთობებში ქალების ლიდერული მონაწილეობის მხარდაჭერით.

„ქეა ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქალებისთვის, რამდენადაც სწორედ ქალების ჩართულობით და ლიდერობით შევძლებთ შევამციროთ სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიაში ახალი პოლიტიკური დაძაბულობის კერების აღმოცენების და არსებული კონფლიქტების ფონზე, მნიშვნელოვანია რეგიონალურ დონეზე ახალი პარტნიორობის არხების და კავშირების გაჩენა და კერძო სექტორის პოტენციალის მეტად გამოყენება“, - აღნიშნა  "ქეა კავკასიის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხაჩიძემ. 

“მოხარული ვარ, რომ ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მონაწილეა ისეთი მასშტაბური პროექტის, რასაც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება ჰქვია და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე მათი ცოდნის და უნარების განვითარებას, ფინანსებზე წვდომას და ციფრულ ეკონომიკაში მათ ინტეგრირებას საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით. დარწმუნებული ვარ, პროექტში ჩართულ ძლიერ პარტნიორებთან ერთად სწრაფად და ეფექტიანად შევძლებთ ქალების ჩართვას სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ლოკალურად და მათი ბიზნეს-კავშირების დამყარებას რეგიონალურ დონეზე“, - განაცხადა ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ.

პროექტის განხორციელების შედეგად: სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები 1650 მეწარმე ქალი გაიუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას და ექნება მეტი წვდომა ფინანსებზე, ტექნოლოგიებზე, სამეწარმეო ცოდნასა და რესურსებზე; 130-ზე მეტი მცირე და მიკრო ბიზნესის მფლობელი და საშუალო მეწარმე ქალი გააუმჯობესებს ხელმისაწვდომობას მეწარმეობის მოწინავე ცოდნაზე, მენტორობასა და ინვესტიციებზე; გარდა ამისა, თითოეულ ქვეყანაში 500 ქალი აქტიურად ჩაერთვება ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ადვოკატირების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საქართველოში პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები ბიზნესფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ ერთად არიან - კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), სომხეთში WINNET - ქსელი და აზერბაიჯანში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

პროექტი „ქალის ძალა, ქალის მომავალი“ დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტმენტის მიერ და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 2,962,500 დოლარს.