ბიზნესი
10/02/2021

კალაძე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე: ეს მაგალითია როგორ არ უნდა განაშენიანდეს ქალაქი

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის არასწორ განაშენიანებას ქალაქის მერი ურბანულ გენოციდს უწოდებს.

"ეს არის მაგალითი იმის როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი, როგორ არ უნდა მოხდეს განაშენიანება. ვხედავთ ურბანულ გენოციდს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ნებართვის გამცემი, ისე ნებართვის მიმღები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ ტერიტორიაზე. არ არის განსაზღვრული ურბანულად, თუ როგორ უნდა იყოს დაგეგმარებული გზები, რეკრეაციულ სივრცეებზე საერთოდ ზედმეტია საუბარი. ელემენტარულად რომ შეხვიდე, შეიძლება ვეღარც გამოხვიდე, თუ იქ არ ცხოვრობ და კონკრეტული ქუჩები არ იცი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა აღნშნა, რომ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყვარჩელის ქუჩაზე ე.წ. ბარაკების ადგილას სკვერი მოეწყობა, ბარაკების დემონტაჟი კი დღეს დაიწყება.

"მოველაპარაკეთ ამ ოჯახებს და გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა. დაახლოებით, 1 500 კვადრატული მეტრის ტერიტორია, სადაც ე.წ. ბარაკები იყო განთავსებული, მუნიციპალიტეტს მოაქვს და ვიწყებთ მათ დემონტაჟს. ადგილობრივებს იმის საშუალება მაინც ექნებათ, რომ თავიანთი პატარები ჩამოიყვანონ და სკვერში გაასეირნონ. იქ მცხოვრებთათვის ასეთი პროექტი არ არსებობს, უბრალოდ სკვერი და პარკი არ არსებობს, ტროტუარიც კი არ არის, რომ ადამიანებმა ნორმალურად გაიარონ. ეს კონკრეტული სივრცე გამოყენებული იქნება სკვერის მოსაწყობად, რათა იქ მცხოვრებმა ადამიანებმა დაისვენონ და განიტვირთონ. ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე კორპუსები არ და ვერ აშენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.