კახეთში მეწარმე ქალთა მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
კახეთში მეწარმე ქალთა მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.
პროექტის ხელმძღვანელების განმარტებით, პროგრამა Covid 19 პანდემიით გამოწვეული რეალობის გათვალისწინებით შეიქმნა და მეწარმე ქალთა ახალ გამოწვევებს უპასუხებს. მიზანი მეწარმე ქალკებისთვის ბიზნესის შენარჩუნებაში და კრიზისიდან მაქსიმალურად მცირე დანაკარგით გამოსვლაში დახმარებაა.
„მედია ცენტრი კახეთის“ (MCK) ახალი პროგრამის ფარგლებში ბიზნეს ქოუჩინგისა და სასწავლო კომპონენტების მეწარმეებისათვის მიწოდებული კონკრეტული საგანმანათლებლო მოდულების შემდგომ მოხდება მეწარმეთა უნარ-ჩვევების გაძლიერება, გაყიდვების სქემის მომზადება და მხარდაჭერა.
ონლაინ ტრენინგ პროგრამა ითვალისწინებს მცირე ბიზნესის განვითარებაზე მორგებულ სასწავლო კომპონენტს და Covid 19-ის პანდემიის გათვალისწინებით კრიზისულ სიტუაციაში მცირე ბიზნესის მართვის რეკომენდაციებს. ბიზნეს ქოუჩის დახმარებით მოხდება პროდუქტების შეფუთვის გაუმჯობესება და მარკეტინგული გეგმის მომზადება. პროგრამა მოიცავს ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს, რომელიც განხორციელდება 2021 წლის მარტსა და აპრილში,“ - განმარტავს პროექტის ხელმძღვანელი მაია მამულაშვილი.
პროექტი „მედია ცენტრი კახეთის“ (MCK) მიერ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ახმეტის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.