ბიზნესი
16/07/2020

კახა ბექაური: "კავკასუს ონლაინმა" იცოდა, რომ კანონს არღვევდა

კახა ბექაური "კავკასუს ონლაინის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ არასწორს უწოდებს კომპანიის ერთ-ერთი აზერბაიჯანელი მფლობელის განცხადებას, რომ სახელმწიფო და კომუნიკაციების კომისია მტრულად არის განწყობილი.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მარეგულირებელი ავტორიზებულ პირებს სთხოვს რეესტრის განახლებას მათი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.

"დაახლოებით 10 თვის წინ, ასეთი სტანდარტული პროცედურის შემდეგ გაირკვა, რომ „კავკასუს ონლაინს“ შეცვლილი ჰყავს 49%-ის ბენეფიციარი, ანუ გაასხვისა წილი. ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებმა, წილის გასხვისების შემთხვევაში წინასწარი თანხმობა უნდა მიიღოს კომისიისგან.

„კავკასუს ონლაინს“ დამატებით ჰქონდა სპეციფიური ვალდებულება კომისიისგან. რამდენიმე წლის წინ საკუთარი საცალო აქტივები მიჰყიდა “მაგთიკომს“. ამ შეთანხმების პროცესში, რომელზეც ჩვენ თანხმობა გავეცით, „კავკასუს ონლაინს“ რაც დარჩა მას საბითუმო ნაწილი, რომელიც მდგომარეობს საქართველოს არსებულ მაგისტრალურ-ოპტიკურ ინფრასტრუქტურაზე და ამავდროულად შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელიც მათი აქტივია, ჩვენ დავაკისრეთ დამატებით ვალდებულებად, რომ შემდგომში წილის გასხვისების შემთხვევაში აუცილებლად მოემართათ კომისიისთვის. ამ მომართვის აზრი არის ის, რომ კომისიამ ჩაატაროს კვლევა, რომ წილის გასხვისებით ხომ არ იცვლება ბაზარზე კონცენტრაციის საკითხები, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბაზარს. ეს ვალდებულება მან არ შეასრულა. ნებისმიერი სერიოზული კომპანია, როდესაც ინვესტიციას აკეთებს და მსხვილი კომპანიის წილს ყიდულობს თავიდან ბოლომდე ამოწმებს ამ კომპანიას, როგორც ფინანსურად, ასევე სამართლებრივად. შესაბამისად ამოწმებს იმ ქვეყანაში რომ შედის რა კანონმდებლობაა, რამე ხომ არ არის შესათანხმებელი, რაიმე სამართლებრივი ვალდებულებები ხომ არ აქვს ამ კომპანიას, რომელსაც ყიდულობ და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომპანიამ, რომელმაც ეს 49% იყიდა ასეთი შემოწმება ჩაატარა. თუმცა, რატომ ვერ დაინახა ის, რომ წილის ნასყიდობა უნდა შეეთანხმებინა წინასწარ კომისიასთან, ეს მე არ ვიცი და ეს კითხვაა, რომელზეც ალბათ მათ პასუხი უნდა გასცენ“, - განმარტა კახა ბექაურმა.

მისი განმარტებით, ასეთი ნასყიდობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიძლება მოხვდეს ისეთი ინვესტორის ხელში, რომელიც არ არის გამოკვლეული. ბექაურის თქმით, ქვეყანაში შესული ინვესტორის ე.წ. სქრინინგი დღეს ევროპაში დანერგილი პრაქტიკაა.

Businesspartner