კახა ბექაური: ჯარიმის გარდა აღსრულების სხვა მექანიზმი თუ არ იქნება, ეს ქაოსს ნიშნავს ბაზარზე
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები აღსრულების კუთხით არსებული ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად და არ მოიცავს სანქციის ახალ სახეს, რადგან კომისიას სანქციების დაკისრება და ავტორიზაციის შეჩერება დღესაც შეუძლია, - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ კანონში ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კახა ბექაურს კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ ინტერპრეტაციებზეც მოუხდა განმარტების გაკეთება. აღნიშნა, რომ ეს მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის - "ცვლილებები უნდა შევიდეს მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში და კავშირი არ აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან".
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების წარმოდგენილი პროექტი თავისი არსით წმინდა სამართლებრივი საკითხია: კანონმდებლობით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქვს უფლებამოსილება, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული, ან ლიცენზიის მფლობელი ნებისმიერი პირის მიმართ კანონმდებლობის და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს სანქციები.
სანქციებს შორის ბექაურმა გაფრთხილება, ჯარიმა (არანაკლებ 3 000 და არაუმეტეს 30 000 ლარი); განმეორებითი ჯარიმა (მეორე ეტაპზეარანაკლებ 9 000 და არაუმეტეს 90 000 ლარი; მესამეზე კი ჯარიმა არანაკლებ 27 000 და არაუმეტეს 270 000 ლარი) და ავტორიზაციის შეჩერება.
"სამივე ჯარიმის გამოყენება დროში გაწელილი პროცესია და ავტორიზებულ პირებს აქვთ საკმარისზე მეტი დრო დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად“,- განაცხადა კახა ბექაურმა.
მან განმარტა, რომ კანონპროექტით, აღსრულების ისეთი მექანიზმის გამოყენება, როგორიც არის, სპეციალური მმართველის დანიშვნა, შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ავტორიზებული პირი კომისიის მიერ მინიმუმ 4-ჯერაა სანქცირებული. "აღსრულების გადადებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ლიცენზიის მფლობელს, მომხმარებელს. სპეციალური მმართველის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ყველა ამ მოცემულობის კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში“,- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
კახა ბექაურის განცხადებით, კომისიისთვის გადაწყვეტილებების აღსრულების ამ მექანიზმის არ არსებობა ნიშნავს იმას, რომ რისკის ქვეშ დგება მთელი საკომუნიკაციო ბაზარი.
"რეგულირება მაშინ არის ეფექტური, თუ არსებობს მარეგულირებელი გადაწყვეტილებების აღსრულების ქმედითი მექანიზმი. დღეს, აღსრულების არაეფექტური მექანიზმის გამო, რისკის ქვეშ დგას მთელი სატელეკომუნიკაციო სექტორი და აქედან გამომდინარე ყველა ის სფერო, რომელიც ელექტრონულ კომუნიკაციებს იყენებს.
დღეს კი, 21-ე საუკუნეში ყველა სფერო ასეთია. თუ ავტორიზებული პირის მიერ არ მოხდება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება და აღსრულებისთვის ჯარიმის გარდა არ გვექნება სხვა ბერკეტი, დღეს არსებული კანონმდებლობით გვრჩება მხოლოდ ავტორიზაციის შეჩერება, რაც ზოგ შემთხვევაში, კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, ეს ნიშნავს სატელეკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენილ ასიათასობით და მილიონობით ადამიანს. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში უბრალოდ შეუძლებელია ავტორიზაციის შეჩერება და თუ ჯარიმის გარდა გადაწყვეტილების აღსრულების სხვა მექანიზმი არ გვექნება, ეს ნიშნავს სრულ ქაოსს ბაზარზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯარიმის გამოყენებაც უნდა იყოს რაციონალური, სხვა შემთხვევაში ჯარიმის უსაზღვროდ გამოყენება გამოიწვევს ავტორიზებული პირის გაკოტრებას, რაც ზუსტად იგივე შედეგს დააყენებს, რასაც ავტორიზაციის შეჩერება. სახელმწიფოს და ამ დარგის მარეგულირებლის მიზანი არ შეიძლება იყოს და ვერ იქნება ავტორიზებული პირის გაჩერება. მარეგულირებლები სწორედ იმისთვის არიან შექმნილი მთელ მსოფლიოში, რომ უზრუნველყონ დარგის გამართული ფუნქციონირება იმისთვის, რომ 21-ე საუკუნეში ქვეყნის მოსახლეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების გარეშე არ დარჩეს. აქედან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტური მექანიზმის არსებობა სახელმწიფოს და კომუნიკაციების კომისიის არათუ ლეგიტიმური უფლება, არამედ პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს, რომ თუ ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, მაშინ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მისი აქტის აღსრულება უზრუნველყოს უშუალო იძულების მექანიზმით. სწორედ უშუალო იძულების მექანიზმის დაკონკრეტება ხდება წარმოდგენილი ცვლილებით და ეს რაიმე სახის ნოვაციას არ წარმოადგენს“,- განაცხადა კახა ბექაურმა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შემოთავაზებული მექანიზმი არის თეორიულად არსებულ ყველა მექანიზმს შორის ყველაზე ეფექტური და ნაკლებ შემზღუდავი.
კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კომისიას კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება პირველივე ჯარიმის შემდეგ შეუძლია. კანონის ახალი ვარიანტის თანახმად, სპეციალური დროებითი მმართველის დანიშვნის ეტაპი, გაცილებით გვიან, მინიმუმ 4 სანქციის შემდეგ დგება. "ამიტომ, აღნიშნული ცვლილება უფრო მძიმე რეგულაციად ვერ ჩაითვლება."