"ჯინვენტორის" ეკომეგობრული USB კაბელები ექსპორტზე ნიგერიაში გავა
საქართველოში დაწყებული ეკომეგობრული USB კაბელების წარმოების პრაქტიკა შესაძლოა ნიგერიაშიც დაინერგოს.
აფრიკული მხარე "ჯინვენტორთან" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. საწარმოო ხაზის გახსნამდე კი ქართული ბრენდი ნიგერიაში საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს.
„ნიგერია არის განვითარებადი ქვეყანა და ჩვენ იქ ერთ-ერთი ორგანიზაციის მოწვევით ჩავედით. საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ და მათ შორის არის ეკოლოგიურიც. მოვაწყეთ შეხვედრები სხვადასხვა თანამდებობის პირთან, რომელთაც ჩვენი წარმოების მეთოდები გავაცანით. ასევე შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებსაც ასევე მოვუყევით ჩვენს ქვეყანაში დანერგილი პრაქტიკის შესახებ. გვქონდა საუბარი იმაზე რომ იქ ავაწყოთ საწარმოო ხაზი, თუმცა ეს ჯერ კიდევ დამატებითი მსჯელობის საგანია. ამ საკითხზე ინვესტორებთან მომდევნო შეხვედრაზე ვიმსჯელებთ. იქამდე კი ვგეგმავთ აქ წარმოებული კაბელების ექსპორტზე გატანას,“ - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" „ჯინვენტორის“ დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი.
"ჯინვენტორის" ეკომეგობრული კაბელების საწარმო რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა. კომპანიამ წარმოების ჩინეთიდან საქართველოში გადმოსატანად 100 000 დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. მანქანა-დანადგარებს, რომლითაც პროდუქციის დამზადება ხდება დღეში 4-5 000 ერთეულის გამოშვების რესურსი აქვს. "ჯინვენტორის" პროდუქცია ამ ეტაპზე საქართველოში იყიდება, თუმცა უახლოეს პერიოდში Amazon-ზე დაემატება.