ჯანდაცვის სექტორი კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებაზე დეტალებს მარტისთვის ელოდება
კლინიკების სელექტიური კონტრაქტირების შესახებ მეტი დეტალი მარტში გვეცოდინება, - „ევექსი ჰოსპიტალების“ გენერალური დირექტორის თქმით, სექტორმა დაპირება ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრისას მიიღო.
გიორგი მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ კლინიკების სელექტიური კონტრაქტირება გრძელვადიან პერიოდში სწორი ხედვაა და არ ნიშნავს იმას, რომ ბაზრის მონაწილეთა ნაწილს ბაზრის დატოვება მოუწევს.
„მთავარი ამ რეფორმაში რა არის, ეს არ კრძალავს რომელიმე დაწესებულების არსებობას. საუბარია იმაზე, სამინისტრო „საყოველთაო ჯანდაცვის“ მიზნებისთვის რომელ კლინიკაში დააფინანსებს მკურნალობას. მას აქვს სრული უფლება აარჩიოს ის დაწესებულებები, რომლებიც ხარისხობრივად უფრო წინ არიან, აქვთ ყველაზე მეტად უსაფრთხო გარემო, რომ სახელმწიფო სახსრები ასეთ დაწესებულებებში მიმართოს. არ არის საუბარი, რომ დანარჩენ დაწესებულებებს ფუნქციონირება აეკრძალოთ“, - განმარტა გიორგი მინდიაშვილმა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.
„ევექსი ჰოსპიტალების“ გენერალურმა დირექტორმა სხვა ქვეყნების მაგალითებიც მოიხმო, მათ შორის, თურქეთის და ისრაელის, სადაც კლინიკების ნაწილი მხოლოდ სახელმწიფო პროგრამებს, ნაწილი კი, კერძო მიმართვიანობას ემსახურებიან.
„მგონია, რომ გრძელ ვადაში ეს არის სწორი სტრატეგიული სვლა. მინისტრმა შეხვედრაზე ახსენა, რომ არის სერვისები, რომელთა მიწოდებას ბევრი კლინიკა უზრუნველყოფს, თუმცა არის სერვისები, სადაც პირიქით, კლინიკების ნაკლებობაა და სჭირდება განვითარება. ასეთ დროს საჭირო იქნება კლინიკების პროფილის შეცვლა. მაგალითად, თუ რომელიმე ჩვენი ქსელის კლინიკა, იმ სერვისებით, რა სერვისების მიწოდებასაც ახორციელებს არ იქნება საჭირო საყოველთაო ჯანდაცვის მიზნებისთვის, შესაძლოა სამინისტროს თხოვნით, დავალებით მოგვიწიოს მისთვის პროფილის შეცვლა და იმ მომსახურების დაწყება რაც საჭიროა. გრძელვადიანად, სტრატეგიულად ეს სწორი ნაბიჯია“, - განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.