ბიზნესი
13/10/2022

IWSC-ის გამარჯვებულები ცნობილია

IWSC-ის გამარჯვებულები ცნობილია. კონკურსში დარეგისტრირებული 487 სახეობის ღვინიდან, ოქროს მედალი თექვსმეტ მათგანს გადაეცა.

პირველად ისტორიაში, 150-ზე მეტ ქართულ კომპანიას საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდოს საკუთრ ქვეყანაში მოპოვების შესაძლებლობა ჰქონდათ. კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური აფასებდა, ბრიტანელი ღვინის მაგისტრის განცხადებით, მედალოსანი ღვინო წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი ქართველი მეღვინესთვის.

„ღვინის შეძენისას პროფესიონალი ღვინის შემსყიდველები მედალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მეღვინეებისთვის საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად საზღვარგარეთ ნიმუშების ტრანსპორტირება და გაგზავნის პროცედურები, რთული ბარიერია. ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის. გარდა ამისა, შესანიშნავი შესაძლებლობაა ისიც, რომ ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები ქართველ მეღვინეებს გამოცდილებას გაუზიარებენ,“ - აღნიშნა ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა.

IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორის განმარტებით, IWSC გამორჩეულია თავისი მრავალწლიანი ისტორიით.

“მსოფლიო მასშტაბით არაერთ ღვინის საერთაშორისო კონკურსს ვიცნობთ, თუმცა IWSC გამორჩეულია თავისი მრავალწლიანი ისტორიით. IWSC ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელსაც 50 წლიანი ისტორია აქვს. ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ ახალი ტალანტები ღვინის სფეროში, რათა მსოფლიომ გაიცნოს. კონკურსი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა. ჟიურს, რომელიც ღვინოს აფასებს მსოფლიო დონის მეღვინეები, სომელიეები და ბაიერები წარმოადგენენ. კონკურსის საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას,“ - აღნიშნა IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორმა მარიამ გუჯაბიძემ.

ცნობისთვის, IWSC კონკურსი 1969 წელს, ავსტრიელმა ღვინის ქიმიკოსმა , ანტონ მასელმა დააარსა. 50 წლიანი ისტორიის მქონე კონკურსში საუკეთესო ღვინის მწარმოებელი კომპანიები ჯილდოვდებიან.