ბიზნესი
12/11/2020

ივენთ კომპანიები საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთვებიან და საბანკო პროცენტი დაუფინანსდებათ

ივენთ-კომპანიები დაემატა პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ ბიზნეს სუბიქტებს, რომლებსაც ხელისუფლება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ეხმარება.

ცვლილებები "აწარმოე საქართველოში" უკვე შევიდა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილებით ამ ტიპის კომპანიებს საბანკო პროცენტი დაუფინანსდებათ.

„არაერთი შეხვედრა გავმართეთ ივენთ-კომპანიების წარმომადგენლებთან და შევისწავლეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევები. შედეგად, მოვახდინეთ ცვლილების ინიცირება პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ და 12 თვის განმავლობაში საბანკო კრედიტის პროცენტის სუბსიდირება მოხდება. ერთი მხრივ, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ამ ტიპის საქმიანობით დაკავებულ კომპანიებს, ჩაერთონ საკრედიტო - საგარანტიო სქემაში და თანაუზრუნველყოფაში დავუდგებით ბანკებთან, იქნება ეს არსებული სესხების რესტრუქტურირება თუ ახალი სესხების მოზიდვა, ამავდროულად ამ კომპანიებს დავუსუბსიდირებთ 12 თვის განმავლობაში ბანკის პროცენტს, რაც შეარბილებს მათ წინაშე არსებულ პრობლემებს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.