ბიზნესი
27/10/2020

ივა ჭყონია: უმუშევრად დარჩენილთა სუბსიდირებას სჯობს, ბიზნესს დავეხმაროთ კადრების შენარჩუნებაში

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ ბიზნესის დასახმარებლად რესურსი გამოძებნოს.

ივა ჭყონია "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ მთავრობის დახმარების გარეშე უმუშევრობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

"გასაგებია, რომ მთავრობა 200 ლარიან დახმარებას სთავაზობს იმ ადამიანებს, ვინც უმუშევარი დარჩა, თუმცა ვფიქრობ, ამ სუბსიდირებას სჯობს გაცილებით უფრო მეტი დახმარება ჰქონდეს ბიზნესს, რომ მან შეინარჩუნოს ეს კადრები, ვიდრე მერე მთავრობამ ასუბსიდიროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანები. ჩემი რჩევა იქნება არა თევზი მივცეთ მოსახლეობას, არამედ ანკესი", - ამბობს ივა ჭყონია.

ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დაწესებული საგადასახადო შეღავათების  გაგრძელებაა. მთავრობას ამ მოთხოვნით ბიზნესმა უკვე მიმართა, თუმცა  ხელისუფლებას შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.