ივა ჭყონია: უკრაინიდან ზეთის, ბურღულეულის მოწოდების პრობლემაა, თუმცა, მარაგები არის
დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან პირველადი მოხმარების პროდუქციის გარკვეული მარაგები არსებობს.
მისი განცხადებით, ქვეყნის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები უკრაინა და რუსეთი იყვნენ. დღევანდელი რეალობა ასეთია: უკრაინაში, ილიჩოვსკის პორტი დახურულია და პროდუქციის მოწოდებაზე პრობლემები უკვე შეიქმნა.
„რა თქმა უნდა, იმპორტიორები ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე, დრო ჯერ კიდევ აქვთ კომპანიებს და შეძლებენ ახალ მარშრუტზე გადაწყობას, მაგრამ ის პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან მოდიოდა, ამ ეტაპზე მისი წამოღება გართულებულია. მათ შორისაა, ზეთი, ბურღულეული, ნატურალური წვენები. პროდუქციის დიდი ნაწილი იყო რუსეთიდანაც. გამომდინარე იქიდან, რომ რუბლი უფასურდება, დიდი ალბათობით იქაც ფასები გაიზრდება. ეს კი ჩვენს ბაზარზე პირდაპირპროპორციულად, ნეგატიურად აისახება,“ - აცხადებს ჭყონია.
მისივე განმარტებით, დღეს საქართველოს ბაზარზე პანიკური ფონია, უფასურდება ეროვნული ვალუტაც და არ არის გამორიცხული ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდოს.
„რიგ შემთხვევაში ინფლაციის 14-15% შეიძლება დადებითადაც მოგვეჩვენოს, რადგან თუ მოუწია კომპანიებს ევროპულ ბაზარზე გადაწყობა, ფასები გაიზრდება. უკრაინიდან და რუსეთიდან ლოგისტიკა ბევრად იაფი ჯდებოდა, ვიდრე ეს ევროპიდან დაჯდება. მაგალითად, თუ ევროპიდან ლოგისტიკა 4 500 ევრო ღირს,რუსეთი - უკრაინიდან 2500 დოლარის ფარგლებში იყო.
გარდა ამისა, ძალიან ბევრ ევროპულ კომპანიას თავიანთი წარმოებები გახსნილი აქვთ რუსეთში, რომელიც პოსტ საბჭოთა სივრცეს ამარაგებს. შესაბამისად, ყველაფერი ეს ჩვენზეც ნეგატიურად აისახება,“-აცხადებს ჭყონია.
დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ეროვნული ბანკის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის როლი მნიშვნელოვანია. ჭყონიას განმარტებით, ის პანიკური ფონი უნდა მოიხსნას, რომელიც დათესილია და რომელიც ლარს აუფასურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი პროდუქციის ფასებზე აისახება.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 30%-ით დაეცა. რუსული ვალუტის ახალი რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ზოგიერთ ბანკს SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემის გამოყენება აეკრძალა.
რაც შეეხება ლარის კურსს, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1302-ით დაიწყო, 12:45 საათისთვის 1 დოლარი 3.1875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1540 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2750 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0950 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1200 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.2600 ლარად.