ივა ჭყონია: თუ საწვავი 5 ლარი გახდება, იმპორტირებული პროდუქცია კიდევ გაძვირდება
ბოლო დღეების განმავლობაში იმპორტირებული პროდუქცია 5-27%-ის ფარგლებში გაძვირდა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში თუ საწვავის ფასი 5 ლარი გახდა, იმპორტიორებს ფასების გადახედვა ისევ მოუწევთ.
„როდესაც რიგი ფაქტორების გამო ხდება ფასების კორექტირება, არის ხოლმე მომენტები, რომ ეს შემთხვევა საწვავის გაძვირებას ემთხევვა. ახლა საერთაშორისო ბაზარზე ფასები გაძვირებულია, შესაბამისად, ეს აისახა ჩვენს რეალობაზეც. უცხოეთიდან ტრანსპორტირება გაძვირებულია, შესაბამისად, პროდუქციის ფასში საწვავის ფასი უკვე გათვალისწინებულია.
უახლოეს მომავალში საწვავის გამო ფასის ცვლილება არ იგეგმება,გარკვეული მარჟა დაჭერილი აქვთ იმპორტორებს. თუ საწვავი 5 ლარი გახდა, მაშინ კიდევ გადაიხედება ფასები. მაგ დროს ყველაფერი გაძვირდება,“-აცხადებს ჭყონია.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, მსოფლიოში ნავთობი ნახტომისებურად ძვირდება. გამონაკლისი არც საქართველოა. ბაზარზე ეკოსაწვავი 4.19 ლარი, პრემიუმი კი 3.85 ლარი გახდა.
ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე დიზელი დაახლოებით 90 თეთრით გაძვირდა,რეგულარი - 60 თეთრით, პრემიუმი -65 თეთრით.