ივა ჭყონია: იმპორტიორი კომპანიის მომგებიანობა 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს
დისტრიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სურსათზე არსებული ფასნამატი ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული. მათ შორის დიდი წილი რითელ სექტორში შესვლის გადასახადს უჭირავს.
„სურსათზე 60-80%-იან ფასნამატში ჩადებულია არაერთი კომპონენტი, იმპორტიორის ფასნამატი, რითეილის ფასნამატი ასევე სხვადასხვა გადასახადი, როგორიცაა შესვლის გადასახადი, ე.წ. ქეშბექი. რითეილ სექტორის მიერ გაზრდილი მოთხოვნები კომპანიებს იძულებულს ხდის, რომ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებისთვის ფასები გაზარდონ. რიგ შემთხვევაში ჩვენ რომ შევამოწმოთ, ვნახავთ რომ კომპანიის მომგებიანობა სადღაც 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს და არაა მეტი. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტადაა დასაზუსტებელი თუ რისგან შედგება ეს ფასნამატი.“-აღნიშნა ივა ჭყონიამ.
მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან საქმიანი საუბრისთვის სექტორი მზადაა. რაც შეეხება ფასების კლებასთან დაკავშირებულ მოლოდინს, დისტრიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ თუ საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლება დაიწყება, ეს ადგილობრივ ბაზარზეც ბუნებრივია, უახლოეს პერიოდში, თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში აისახება.
ასოციაციის განმარტებით, გამყარებული ლარის კურსი სურსათის ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, თუმცა არის რიგი მიზეზები, რის გამოც ფასები იმ მასშტაბით ვერ იკლებს როგორი მოლოდინიც შეიძლება არსებობდეს.
„კადრების დეფიციტის ფონზე ბოლო პერიოდში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურებაც გაიზარდა. გაზრდილი ხარჯები კი პროდუქციის ღირებულებაში აისახება“- განმარტავს ივა ჭყონია.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრმა გუშინ, მთავრობის სხდომაზე სურსათის მაღალ ფასნამატებზე გაამახვილა ყურადღება და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს საკითხის მოკვლევა დაავალა.
კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პროდუქტებზე ფასნამატი 15-დან 90%-მდე მერყეობს. 1 კგ ბრინჯის საშუალო საბითუმო ფასნამატი - 53-70%-ა, წიწიბურის 35-53%, მაკარონის 40-55%, ხორბლის ფქვილის 15-30%, შაქრის 40-64%, მარილის 30-90%, მზესუმზირის ზეთის კი 60-70%.