ბიზნესი
14/06/2021

ივა ჭყონია Carrefour-თან დავაზე: სარჩელებზე მოსამზადებელი სხდომაც კი არ ჩანიშნულა

ინფლაციაზე წნეხს სავაჭრო ქსელებს და პროდუქციის მიმწოდებლებს შორის არაჯანსაღი ურთიერთობა ზრდის, - ხმაურიან განცხადებას დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აკეთებს.

„ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას ივა ჭყონიამ Carrefour-თან გაჭიანურებულ დავაზეც ისაუბრა. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ 2 თვის წინ შეტანილ სარჩელებზე მოსამზადებელი სხდომაც კი არ ჩანიშნულა.

„სამწუხაროდ, განხილვა არ არის დაწყებული. მინდა სასამართლო აქედან მოვიკითხო, რომ ვარსებობთ, ჯერ-ჯერობით ფეხზე ვდგავართ...“, - განაცხადა ივა ჭყონიამ და აღნიშნა, რომ არსებული პრობლემების დროული გადაწყვეტა ბაზრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ინფლაციის მაჩვნებელში, რომელიც მზარდია, მასში ერთი ფაქტორია ლარის კურსი და მეორე ფაქტორია არასწორი და არაჯანსაღი ურთიერთობა რითეილ სექტორსა და მწარმოებლებს, სადისტრიბუციო კომპანიებს შორის. ის მზარდი მოთხოვნები (სავაჭრო ქსელების მხრიდან) თუ თვითღირებულებაში არ ასახეს კომპანიებმა, ისინი ოპერირებას ვერ შეძლებენ და საბოლოოდ იქნება ბაზარზე მონოპოლია“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

მისი თქმით, სასამართლოში 10-მდე სარჩელია შესული და კიდევ რამდენიმე სარჩელი მზადდება.

„Carrefour-ის ჰიპერმარკეტების ქსელი მწარმოებლებს და სადისტრიბუციო კომპანიებს ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, არ ხდება იმ თანხების გადახდა რაც კომპანიებს ეკუთვნით, ხდება თანხების ჩამოჭრა, რაზეც პასუხს კომპანიები ვერ იღებენ. ამიტომ უნდა არსებობდეს რეგულაცია, რომელიც ამ ორ სექტორს შორის, სავაჭრო ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს/ მწარმოებლებს, ურთიერთობას დაარეგულირებს“, - ამბობს ჭყონია.