ბიზნესი
25/02/2021

ირაკლი როსტომაშვილი: ამ ქვეყანაში თავგადასავლის მაძიებელი თუ მოვა თორემ ინვესტორს აქ რა უნდა

კერძო სექტორის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება, პირველ რიგში, საინვესტიციო კლიმატს აზიანებს.

„ბიზნესპარტნიორთან“ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას უარყოფითად აფასებს და ფიქრობს, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აქ ფულის ჩადება დიდი ხანია აღარ უნდათ.

„ბიზნესისა და ეკონომიკის გადარჩენა ინვესტორის მოზიდვას შეუძლია. ამას მეტი ვერაფერი უშველის. ქვეყანა სესხს ვეღარ იღებს, ლარი არასტაბილურია, მოსახლეობა გაღატაკებულია. ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში ინვესტორის შემოყვანაა. ინვესტორი კიდევ წარმატებული ბიზნესმენია, რომელმაც თავის ქვეყანაში იშოვა ფული. ის უნდა დაარწმუნო, რომ შენს ქვეყანაშიც ჩამოვიდეს. როგორი დასარწმუნებელია? ვერ ვიგებ, მეტი რა უნდა მოხდეს. ინვესტორს ვერ ველაპარაკები. თან სამშენებლო ბიზნესი როგორია, დღეს ჩადებული თანხა მოგებასა და შემოსავალს 2 წელში იძლევა. ამ ყველაფერს რომ უყურებს და უსმენს, როგორ უნდა ავუხნსა, მოდი, დღეს ფული მოიტანე და 2 წელიწადში მოგება აიღეო. წარმოიდგინეთ, საელჩოები რას უყვებიან. ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები ნებისმიერი საქმის დაწყების წინ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საკუთარ საელჩოებს ელაპარაკებიან, რომ მათ მოუყვნენ, რა ხდება ქვეყანაში. საელჩოს წარმომადგენლები კი უყვებიან, რომ ესენი გიჟები არიანო. ასევე ეუბნებიან, ამ ქვეყანაშის სასამართლო არ არსებობსო, ვალუტა არ აქვთო, ხალხი გაღატაკებულია, ყველას გაქცევა უნდაო. რატომ მოვა ინვესტორი?!“,- აცხადებს როსტომაშვილი.

გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ინვესტორის მოსაზიდად საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით მინიმუმ უკეთესი პირობები უნდა ჰქონდეს. თუმცა ქვეყანა ვერც ამ მოცემულობას აკმაყოფილებს.

„საქართველოსკენ ვინმემ რომ გამოიხედოს, იმაზე კარგი პირობები უნდა შესთავაზო, ვიდრე მაგალითად, ბულგარეთშია, ან რუმინეთში. თუ ერთნაირი საგადასახადო პირობები იქნება საქართელოში და ბულგარეთში, ინვესტორი საქართველოში არ შემოვა. ბულგარეთი, როგორც მინიმუმ ევროკავშირის წევრი მაინცაა. ანუ, იქ ინვესტიცია უფრო დაცულია. საქართველოს უფრო მომგებიანი შეთავაზება უნდა ჰქონდეს. თუ არ ექნება, რატომ მოვა ინვესტორი, გიჟია?! თავგადასავლის მაძიებელი თუ მოვა აქ, თორემ ინვესტორი საქართველოში კარგა ხანი არ შემოვა“,- აღნიშნა როსტომაშვილმა.