ბიზნესი
15/02/2021

ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ

თბილისის მერის მოადგილე ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის გაგრძელებას გამორიცხავს. ირაკლი ხმალაძე ირწმუნება, რომ საბოლოოდ ინვესტორი ადგილმონაცვლეობას დათანხმდება.

„ადრე თუ გვიან ისინი დარწმუნდებიან, რომ ვერც ისეთი ქმედებით, როგორც დღეს იქცეოდნენ და ვერც ვერანაირი გზით იქ სასტუმროს ვერ ააშენებენ. მგონი, საბოლოო ჯამში მივალთ ადგილმონაცვლეობასთან. დღეს კომპანიას სამშენებლო სამუშაოების თვითნებურად დაწყების სურვილი ჰქონდა. მუნიციპალურ ინსპექციას დაახლოებით 20-25 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ მისულიყვნენ და სამუშაოები გაეჩერებინათ. საბედნიეროდ, მუნიციპალიტეტს აქვს ამის ინსტრუმენტები. გვაქვს მექანიზმები, რითიც შეგვიძლია აღვკვეთოთ თვითნებური და უკანონო ქმედება. იმავეს გავიმეორებთ და არ დავუშვებთ თვითნებურ ქმედებასა და საქმიანობას“,- განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, დღეს სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელმა ვაკის პარკში სამშენებლო სამუშაოების განახლება სცადა, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ უფლება არ მისცა. ამის შემდეგ სასტუროს მფლობელი, გოგა ზაქაიძე მერიაში ირაკლი ხმალაძეს შეხვდა. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ბიზნესის მფლობელი ადგილზე მშენებლობის გაგრძელების პირობას დებს, მერის მოადგილე კი ამას გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანია თბილისის მერიასთან მოლაპარაკებებს უკვე წლებია აწარმოებს. თბილისის მერმა და ვიცე-მერმა განაცხადეს, რომ სასტუმრო აღარ აშენდება. მათივე ინფორმაციით, ინვესტორი არ არის თანახმა ადგილმონაცვლეობაზე.