ირაკლი კერვალიშვილი: ტვირთების მოსაზიდად ჩინეთის მიმართულება ხშირად რომანტიზებულია
ტვირთების მოზიდვის მხრივ, ჩინეთის მიმართულება ხშირად რომანტიზებულია, - ამის შესახებ PACE GROUP-ის დამფუძნებელმა ირაკლი კერვალიშვილმა პარლამენტში დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და ტვირთების მოძრაობა მიმოიხილა.
„ტვირთების მოზიდვის მხრივ, ჩინეთის მიმართულება ხშირად რომანტიზებულია. ჩინეთის მიმართულება არის მხოლოდ და მხოლოდ საკონტეინერო, რაც შეეხება ნაყარ ტვირთებს, ჩვენი აზრით, ეს აბსურდულია, რადგან ჩინეთს ძალიან დიდი საზღვაო პოტენციალი აქვს და ყველა ნაყარი ტვირთი მოდის ზღვით. საზღვაო ტრანსპორტს კი, ფასით ვერ შეეჯიბრება ვერ შეეჯიბრება ვერც ერთი რკინიგზა და სახმელეთო ტრანსპორტი. ჩინეთის პორტებში იტვირთება 60, 100 და 200 ათასიანი გემები და რაც არ უნდა სწრაფად ჩამოარბენინო იქიდან ტვირთი, ყველა 1 ტონაზე გაანგარიშებით ფასით გემით გადაზიდვა აჯობებს“, - განმარტა ირაკლი კერვალიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ PACE -ი იმ ტვრითზე კონცენტრირდება, რომელიც ზღვაზე მოკლე გასასვლელს ეძებს.
„ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ იმ ტვირთზე, რომელიც ცდილობს მოიპოვს გასასვლელი შავ და ხმელთაშუა ზღვაზე. ჩვენთვის მიმზიდველი ეს არის თურქმენეთი, უზბეკეთი და ყაზახეთის სამხრეთ ნაწილი. ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილისთვის რუსეთის გზა უფრო მოკლეა, მაგრამ ჩვენ თამაშის წესებიც ვიცით. ნებისმიერი მწარმოებელი, ტვირთის მფლობელი ცდილობს ყოველთვის ჰქონდეს ალტერნატიული გზა. მაგალითად, ჩვენ სასუქის უდიდეს ნაწილს ვეზიდებით ზამთრის პერიოდში. 300 ათას ტონაზე ავედით უკვე. თურქმენეთს ექსპორტზე 600 ათასი ტონაზე მეტი ამ ეტაპზე არ გააქვს. 2016 წელს რომ დავიწყეთ გადაზიდვა, პირველ წელს მხოლოდ 20 ათასი ტონა გადავიტანეთ. ნელ-ნელა გაიზარდა მოცულობა. თურქმენეთს ზაფხულში ტვირთი მიაქვს ვოლგა დონით, რაც ძალიან იაფია, თუმცა მცირე მოცულობას მაინც ინარჩუნებენ და ატარებენ ჩვენს დერეფანშიც, რომ ეს გზაც „კვებოს“ და შეინარჩუნოს“, - აღნიშნა ირაკლი კერვალიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ PACE GROUP -ის ახალი ტერმინალი სწორედ შუა აზიაში წარმოებული ტვირთებით და მათი ექსპორტით იქნება დატვრითული და ინფრასტრუქტურაც ისეა დაგეგმილი, რომ საექსპორტო ტვირთს მოემსახუროს.
„ამ ინფრასტრუქტურის აშენებით ჩვენ საშუალება გვაქვს მოვიზიდოთ დამატებითი ტვირთნაკადი. ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილი, დამატებით, დაახლოებით, 200 ადამიანი დასაქმდება. ეს არის დამატებითი ტვირთი ჩვენი რკინიგზისათვის და მეტი გემის შემოსვლით, მეტი შემოსავალი ჩვენი პორტისთვის“, - აცხადებს PACE GROUP -ის გენერალური დირექტორმა ირაკლი თათეიშვილი.