ბიზნესი
24/03/2020

ინტერნეტპროვაიდერები საგონებელში – ქსელის დატვირთვა 90%-მდე გაიზარდა

რეალურიდან ონლაინ სივრცეში გადანაცვლებამ ინტერნეტპროვაიდერები საგონებელში ჩააგდო. მოხმარება განსაკუთრებით რეგიონებში გაიზარდა, პიკის საათებში ქსელი მაქსიმალურად არის დატვირთული. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ინტერნეტპროვაიდერებს რეგიონებში 24-საათიანი მუშაობა უწევთ.

როგორც “ბიზნესპარტნიორთან” მცირე და საშუალო ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ქვეყნის მოსახლეობის 35%-ს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა აქვს.

“ხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების მაჩვენებელი რეგიონებში საკმაოდ დაბალია. ამ პირობებში კი სრულფასოვანი ონლაინ სწავლების მიღწევა მარტივი არ იქნება“- ამბობს უჩა სეთური. მისივე თქმით, საკითხს სჭირდება ღრმა კვლევა და მონაცემთა სრული ანალიზი.

სეთური განმარტავს, რომ ინტერნეტთან წვდომის პრობლემა განსაკუთრებით აქვთ ისეთ რეგიონებს, რომლებიც ცენტრალური მაგისტრალებიდან დაშორებით მდებარეობს. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ როგორც წესი სწორედ მაგისტრალებთან და რკინიგზასთან გადის ოპტიკური კაბელი.

უჩა სეთურის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, რეგიონებში ინტერნეტთან მიერთებისა და სიმძლავრეების გაზრდის მოთხოვნის მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდება. ამასთან, პიკის საათებში ქსელის დატვირთა 90%-მდეა გაზრდილი.

„იქიდან გამომდინარე რომ მიუხედავად ჩაწერის ადგილებისა, მოსახლეობა ძირითადად თავმოყრილი იყო ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში, რეგიონებში ინტერნეტის მიწოდების მოთხოვნაც აქამდე ძალიან დაბალი იყო. იმატებდა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, მაგრამ ბოლო პერიოდში მოქალაქეები ინტენსიურად გადიან რეგიონებში. შესაბამისად, ინტერნეტის დადგმისა და ჩართვის მსურველთა რიცხვი არის ძალიან გაზრდილი და გაჭირვებით ვაკმაყოფილებთ.“-აღნიშნა უჩა სეთურმა.

მისივე განმარტებით, აბონენტებისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდების მიზნით, აქტიურად ხდება ქსელის ოპტიმიზაცია, სიმძლავრეების გაზრდა.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცისთვის, განათლების სამინისტრო ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობს. სკოლებისა და უნივერსიტეტების ნაწილმა ონლაინ მეცადინეობები უკვე დანერგეს. პრემიერ-მინისტრმა კი დღეს ინტერნეტ პროვაიდერებს მოუწოდა რომ, სტუდენტებსა და მოსწავლეებს ინტერნეტთან წვდომა გაუმარტივონ.

Businesspartner