ინტერიერის დიზაინერების მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზარდა
პანდემიის პერიოდში ინტერიერის დიზაინერებს მომსახურებაზე მოთხოვნა გაეზარდათ. სპეციალისტები მიზეზად ძირითადად იმ რეგულაციებს ასახელებენ, რის გამოც მოქალაქეებს სახლში ყოფნა მოუწიათ. მათი თქმით, შეკვეთების დიდი ნაწილი უკვე არსებული რემონტის მოდერნიზებას ეხებოდა.
“ინტერიერის დიზაინი გარდა იმისა, რომ არის ხელოვნების ნაწილი ეს არის ურთიერთობა ხელოსნებთან, სავაჭრო ცენტრებთან და ეს ყველაფერი პანდემიის საწყის ეტაპზე შეჩერდა. ეტაპობრივად შემდგომ მოიმატა მოთხოვნამ. უფრო მეტი ადამიანი მოგვმართავდა ინტერიერის დიზაინის შექმნის მოთხოვნით. ეს ყველაფერი ჩემი აზრით განპირობებუკლია იმით, რომ დიდხანს უწევდათ მომხმარებლებს ერთ სივრცეში ყოფნა და მობეზრდათ ერთი და იგივე გარემო. გაუჩნდათ სურვილი რემონტში შეეტანათ თანამედროვე ელემენტები. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება ინდუსტრიული დიზაინი. შესაბამისად, ძველი ფერადი შპალერების და დეკორების შეცვლა სულ უფრო მეტ ადამიანს სურს. მოთხოვნა პანდემიის დროს საშუალოდ 30%-ით არის გაზრდილი,“ - მარიამ ძამაშვილი ინტერიერის დიზაინერი.
გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად პანდემიამდე პერიოდს უტოლდება შესრულებული შეკვეთების რიცხვი. მიზეზი პროცესების დროში გაჭიანურებაა. გაზრდილია ფასებიც. სპეციალისტების თქმით, დიზაინერის მომსახურებაზე ფასნამატი დაახლოებით 5%-ს უტოლდება სარემონტო მასალები კი საშუალოდ 20%-ით გაძვირდა.
“რემონტის წინასწარ დაგეგმვის დროს ყველა დეტალს ვერ გაითვალისწინებ. არის ისეთი მცირე დეტალები რაც უშუალო მეთვალყურეობას მოითხოვს. შესაბამისად, პანდემიის გამო არსებული შეზღუდვები კომუნიკაციის პროცესს ართულებს. ერთი მხრივ კომენდანტი, მეორე მხრივ სხვა შეზღუდვები რემონტის საშუალო დროს ზრდის. თუ სტანდარტულად ბინის რემონტს 2-3 თვე სჭირდებოდა დღეს ეს პერიოდი 6-7 თვემდეა გაზრდილი. ამის გათვალისწინებით მოთხოვნა კი გაიზარდა, მაგრამ შეკვეთებს უფრო ცოტას ვასრულებთ ვიდრე მანამდე,“ - მარიამ ძამაშვილი ინტერიერის დიზაინერი.