"იმუშავე საქართველოდან" ამოქმედდა - პირობები და შეთავაზებები
პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ უკვე ამოქმედდა. ის 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ჩამოსვლისა და აქედან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 95 ქვეყნის, დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად შეასრულონ სამუშაო ვალდებულებები.
„გლობალური კომპანიები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე და ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა, რომ დისტანციურად განახორციელოს უფლებამოვალეობები. შეგვიძლია რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევები ვირუსის მართვის დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. პროგრამა ატვირთულია უკვე stopcov.ge-ზე, ყველას შეუძლია ამით ისარგებლოს და შესაბამის, დეტალურ განმარტებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დღეს კიდევ გააკეთებს“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველებმა კარანტინი და ტესტირება საკუთარი სახსრებით უნდა გაიარონ.
„პროგრამის საშუალებით, 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე, რომელთაც დისტანციურად მუშაობის სურვილი აქვთ და არიან ფრილანსერები, შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას და აქედან დისტანციურად მუშაობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.