ბიზნესი
12/10/2020

იმპორტიორთა კავშირი დიზელის საწვავის ევრო-5-ის სტანდარტზე გადასვლის გადავადებას ითხოვს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ევრო-5-ის სტანდარტზე გადასვლის გადავადების ინიციატივით გამოდის.

საკუთარ არგუმენტებთან დაკავშირებით კავშირმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ხდება როგორც ევრო 4, ასევე ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი. კერძოდ, აზერბაიჯანიდან ხორციელდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი.

"აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანში ხორციელდებოდა ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაირაღება, რის შემდეგაც მათ უნდა ეწარმოებინათ ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავი. ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების გადაიარაღება უნდა დასრულებულიყო 2020 წლის ბოლომდე. თუმცა COVID-19 ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით მიმდინარეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შეაფერხა ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაიარაღების პროცესი და მისი დასრულების ვადა გადაიწია 2021 წლის ბოლოსთვის. უნდა აღინიშნოს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ისევ ხდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი გაუმჯობესებული დიზელის საწვავის წარმოება", ნათქვამია განცხადებაში.

იქვე მითითებულია, რომ თუ 2021 წლიდან ამოქმედდება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, ერთადერთი ქვეყანა ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც დღეს ახორციელებენ იმპორტს, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდება, იქნება აზერბაიჯანი.

რაც შეეხება აზერბაიჯანული საწვავის მნიშვნელოვანი წილით წარმოდგენას საქართველოს ბაზარზე, კავშირში განმარტავენ, რომ ეს განპირობებულია იმით, რომ ის არის 10-15 თეთრით იაფი და ასევე, საქართველოში დიზელის საწვავზე მომუშავე ავტოპარკის დაახლოებით 86% შეადგენს 10 წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელთა ძრავის მუშაობის პარამეტრიდან გამომდინარე, აზერბაიჯანული დიზელის საწვავის ხარისხი მათ სრულებით აკმაყოფილებს.

"დღის წესრიგში დგება მთავრობის ახალი დადგენილების 1 წლით გადავადების საკითხი, რაც ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ბაზარზე კვლავინდებურად იქნება წარმოდგენილი მომავალ წელსაც საქართველოს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის პროდუქტი. ამავდროულად, მეტად მნიშვნელოვანია შედარებით იაფი დიზელის საწვავის არსებობა ქვეყანაში, ვინაიდან დიზელის საწვავი გამოიყენება იმ პირთა მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში. კერძოდ, გადაზიდვები, დისტრიბუცია, მშენებლობა, ენერგეტიკა. მათ შორის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები და სხვ. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე, მით უმეტეს მიმდინარე ეტაპზე, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ფიქსირდება ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნა", - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

კავშირის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი 11%-ით გაიზარდა და 419,4 ათასი ტონა შეადგინა. აქედან იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 159,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 38%-ია; რუსეთი - 99,5ათასი ტონა (23,7%); რუმინეთი - 56 ათასი ტონა (13,3%); თურქმენეთი - 55,9 ათასი ტონა (13,3%) და სხვ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები და ის გაუთანაბრდება ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს.