იმპორტიორები: საწყობებში სურსათის საკმარისი მარაგებია
მსხვილი იმპორტიორები აცხადებენ, რომ საწყობებში სურსათის საკმარისი მარაგებია.
სასურსათო პროდუქციის საწყობების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მარაგები საკმარისია და მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა შეუფერხებლად ხორციელდება. ძირითადი მომწოდებელი ქვეყნებისგან (აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა) პროდუქციის მოწოდების მხრივ პრობლემები არ არსებობს.
თბილისში არსებული მსხვილი იმპორტიორების საწყობებში სასურსათო მარაგების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგულარულად იღებს ინფორმაციას არსებული სასურსათო მარაგებისა და ფასების შესახებ. დღეისათვის ქვეყანაში პირველადი მოხმარების სურსათის საკმარისი მარაგებია, რაც იმას ნიშნავს, რომ დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. მოსახლეობას პროდუქტების დიდი რაოდენობის შეძენის საბაბი არ აქვს; ასევე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა. სოციალური პასუხისმგებლობა არსებულ ვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საბითუმო საწყობი „დაფნა“, შპს „ჯიბე“ და „მზიური“, სადაც ძირითადად საკვები ზეთის დასაწყობება ხდება, საკმარისზე მეტი პროდუქცია აქვთ და დამატებით ტვირთს რამდენიმე დღეში ელოდებიან.