"იმერმა" იტალიურ ბრენდ Moncler-თან თანამშრომლობა დაიწყო
ქართულმა სამკერვალო კომპანიამ „იმერი“ საერთაშორისო ბრენდ Moncler-თან თანამშრომლობა დაიწყო.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაზა გვენეტაძემ განუცხადა, იტალიურ ბრენდთან ქალის ტანისამოსის მიწოდება უკვე უწყვეტად ხორციელდება.
„სამი პარტია უკვე გაგზავნილი გვაქვს. მათი მხრიდან დიდი მოთხოვნაა, დღეში დაახლოებით 100 ქურთუკი იკერება. გვინდა, რომ ძირითადი პარტნიორი Moncler-ი გახდეს,“ - აცხადებს გვენეტაძე.
„იმერის“ გენერალური დირექტორის მოადგილე რეგიონში არსებულ ომის გავლენაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ევროს გაუფასურების შედეგად კომპანიას შემოსავალი დაახლოებით 30%-ით შეუმცირდა. ხელფასები ლარზე გვაქვს გასაცემი და ეს ქმნის პრობლემას,“ - აცხადებს გვენეტაძე.
როგორც გვენეტაძე აცხადებს, საერთაშორისო ბაზრიდან დიდი მოთხოვნის გამო ადგილობრივი ბაზრისთვის პროდუქცია ამ ეტაპზე ვეღარ იკერება.
ამჟამად კომპანია ქალის სამოსს კერავს გერმანულ ბრენდ Lebek-ისთვისაც. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია სრულად ექსპორტზე გადის.
სამკერვალო ფაბრიკა „იმერს“ 90 წლის ისტორია აქვს, ბოლო 25 წლის განმავლობაში საწარმო უცხოელი შემკვეთებისათვის მუშაობს. პროდუქციის ძალიან მცირე ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეც (ქუთაისში) იყიდება.