IDS ბორჯომი: მზად ვართ შრომის ინსპექციას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ
IDS ბორჯომი მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას კომპანიაში განვიტარებული მოვლენების გამო პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთოს.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ IDS ბორჯომი მზადაა ღია დიალოგისთვის იმისთვის, რომ კომპანიამ შრომის ინსპექციას სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.
"მზად ვართ მივაწოდოთ ინსპექციას ინფორმაცია როგორც ზოგადად კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა ვითარებაში აღმოჩნდა და რა სირთულეებთან უწევს გამკლავება კომპანიას დაწესებული სანქციებისა, გაყინული ანგარიშებისა და ბაზრებზე გართულებული წვდომის პირობებში, ასევე კანონის სრული დაცვით განხორციელებულ რეორგანიზაციის პროცესზე, რომლის შედეგადაც კომპანიამ მაქსიმალურად შეუნარჩუნა ბორჯომში დასაქმებულებს სამუშაო ადგილები.
შექმნილ ვითარებაში, მაშინ როდესაც ნებისმიერი ბიზნეს კომპანია სრულ რეორგანიზაციას ჩაატარებდა, ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და, მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 90%-ზე მეტს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი, ასევე, უცვლელი დარჩა მათი სახელფასო განაკვეთი და კრიზისის მიუხედავად არ შემცირებიათ.
შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის. რაც შეეხება რეორგანიზაციის შედეგად შემცირებულ თანამშრომლებს, მათ სრულად აქვთ მიღებული კუთვნილი ხელფასი, ასევე 2 თვიანი კომპენსაცია, როგორც ამას კანონმდებლობა ითხოვს.
რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკიდურესად შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, პირველ რიგში, იმ თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია მუშაობს მინიმალური დატვირთვით, ძირითადად საქართველოს ბაზრისთვის.
ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოსდა კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქეები აჰყავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუე, პროცესების ესკალაციის მცდელობა და კომპანია ბორჯომს არც ერთი ახალი თანამშრომელი არ დაუქირავებია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ სრულიად მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და წარმოებაში ჩართულ თანამშრომელების მიმართ აგრესია. ნებისმიერ მსგავს ქმედებას მოყვება შესაბამისი რეაგირება, კანონის სრული დაცვით.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში სრულმასშტაბიანად აღვადგინოთ წარმოება, დავიბრუნოთ ბაზრები და კვლავაც გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლებისთვის სექტორში საუკეთესო პირობების შექმნა. ასევე, მივესალმებით შექმნილი ვითარების კონსტრუქციული დარეგულირებისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია IDS ბორჯომის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი განმარტებით,საქართველოს მთავრობა კომპანია "ბორჯომის" თანამფლობელი გახდება. საკითხს მთავრობის მომდევნო სხდომაზე გამოიტანენ.
"ეკონომიკის სამინისტრომ მოლაპარაკებები უკვე დაასრულა. 1 კვირაში მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოვიტანთ საკითხს და "ბორჯომის" აქციონერები გავხდებით ჩვენ, სახელმწიფო გახდება ბორჯომის თანამფლობელი. ამით ეს პრობლემა მოგვარდება. ვიცი, რომ გარკვეული სირთულეები არის, იქ დასაქმებულები აპროტესტებენ. დღეს საუბარი მქონდა ზურაბ აზარაშვილთან, მისი დავალებით შრომის ინსპექცია უკვე ჩართულია. მინდა ყველას ვუთხრა, არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვექცევით. ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც საჭიროა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.