ICCA ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შექმნის ინიციატივით გამოდის
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA) 2021 წელს სექტორის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შექმნის ინიციატივით გამოდის.
გაერთიანებაში განმარტავენ, რომ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ კორონავირუსამდე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი შეფეხრდა.
ასოციაციის დირექტორი ანა საბახტარიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ დოკუმენტის შემუშავება სპეციალისტებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ეკონომიკური გუნდის ჩართულობით უნდა შემუშავდეს.
გაერთიანების განმარტებით, მთავარი პრობლემა, რაც ინფრასტრუქტურის დარგში მომუშავე კომპანიებს აფერხებთ, არაპროგნოზირებადი ვითარებაა, რასაც ისიც ემატება, რომ ქართულ კომპანიებს მსხვილი პროექტების შესასრულებლად სათანადო რესურსი არ გააჩნიათ.
"დოკუმენტში ნათლად უნდა იყოს ასახული სექტორის როგორც ინტელექტუალური ასევე რესურსული, ტექნოლოგიური განვითარების შესაძლებლობები, სხვა შემთხვევაში სექტორის კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით, გაცილებით დიდი კითხვის ნიშნები შეიძლება გაჩნდეს, რადგან დღესაც კი ლოკალური სამშენებლო კომპანიები იბრძვიან ბაზრის წილის შესანარჩუნებლად," - განმარტავს საბახტარიშვილი.