ბიზნესი
19/10/2020

იანვარ-სექტემბერში საავიაციო ტვირთების მოცულობა 25%-ით შემცირდა

საავიაციო ტვირთების მოცულობა 25.4-ით შემცირდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის სამი კვარტალში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 13 811 ტონა შეადგინა, რაც 4 696 ტონით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

ცნობისათვის საქართველოში ტვირთებს ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება. ქვეყანაში კი საჰაერო გზით ტვირთების გადაადგილება სატვირთოს გარდა სამგზავრო რეისებითაც ხორციელდებოდა. თუმცა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების ფარგლებში საქართველო რეგულარული ფრენებისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში დახურული იყო. ამ დროისათვის ქვეყანა რეგულარული ფრენებისთვის ეტაპობრივად იხსნება, რაც სამომავლოდ საჰაერო გზით ტვირთბრუნვაზეც დადებითად უნდა აისახოს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 81.23%-იანი კლებაა, რაც პირდაპირ COVID-19-ის პანდემიას და მის გამო მსოფლიოსა და საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.  საქართველოს აეროპორტები 2020 წლის იანვარ-სექტემბერში რეგულარული და არარეგულარული რეისებით სულ 777 ათას 53 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 მლნ 139 ათას 955   მგზავრს, შესაბამისად კლება 81,23%-ის დონეზე დაფიქსირდა, 2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით კი კლება 80,22%-ია.

თუმცა COVID კრიზისისა და რეგულარული რეისების შეზღუდვის ფონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სატვირთო რეისების მიღება და მომსახურება არ შეუწყვეტია.