ბიზნესი
28/04/2022

იახტები, ღვინის და სპა პროცედურები - გრიგოლეთში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო იხსნება

გრიგოლეთში პირველი საერთაშორისო ბრენდული 4 ვარსკვლავიანი სასტუმტო - TRADEMARK COLLECTION BY WYNDHAM GRIGOLETI გაიხსნება. ჩადებულია 6 მლნ დოლარამდე ინვესტიცია. სესხის პროცენტის ნაწილში „აწარმოე საქართველოშიც“ მონაწილეობდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Mcienrney Hospitality International Georgia-ს წარმომადგენელი გიორგი დოლიძე აცხადებს, სასტუმროს ოფიციალური გახსნა მაისის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. გათვლილია საშუალო სეგმენტზე. ჯამში იქნება 60 ოთახი.  

"ოთახების 4 სხვადასხვა კატეგორია იქნება, რომელიც გათვლილია ინდივიდუალურ, ჯგუფურ, საოჯახო და ბიზნეს მოგზაურებზე. არის 2 საკონფერენციო და შეხვედრების ოთხი, 2 რესტორანი -Rooftop რესტორანი და ჩვეულებრივი რესტორანი", - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

მისი ინფორმაციით, სასტუმროში დავით ტატიშვილის ეგიდით კეთდება სპა ცენტრი, სადაც მომხმარებლები ისარგებლებენ ღვინის და სპა პროცედურებით, თერაპიებით. ეზო ესაზღვრება სანაპირო ზოლს და ვიზიტორებს წყლის სპორტის სერვისს შესთავაზებენ.

"დიდ უპირატესობას ვანიჭებთ წყლის სპორტს. გვყავს ჩვენი იახტები და წყლის სპორტის სხვადასხვა აღჭურვილობა", - ამბობს გიორგი დოლიძე.

საფასო კატეგორია 90-100 დოლარის ფარგლებში. სასტუმროს დატვირთულობის მოლოდინი, ზაფხულის სეზონზე 60-70%-ია.

როგორც გიორგი დოლიძე ამბობს, პანდემიური სიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ ტურიზმმა გამოცოცხლება დაიწყო, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილმა ვითარებამ სიტუაცია ისევ გაართულა.

„ბევრი ჯავშანი გაუქმდა. ზოგი ბოლო წუთს აუქმებს ჯავშანს ან ჯავშნის - ძალიან დინამიური სიტუაციაა. სტუმრებს ძირითადად ველოდებით ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან, დუბაი, აბუდაბი, ყატარი, ყაზახეთიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

პანდემიის გამო შიდა ტურიზმი კარგად ამუშავდა. ეს სასტუმრო ქართულ სეგმენტზეც არის ძალიან კარგად მორგებული - ფასით, კლასით და მომსახურებით. გვინდა, შიდა ტურიზმსაც კარგი პაკეტები შევთავაზოთ“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.

Businesspartner