ბიზნესი
19/10/2023

"გვარამაძის მეღვინეობა" საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს

"გვარამაძის მეღვინეობა" საექსპორტო ბაზრების გაფართოებას განიხილავს.

როგორც მეღვინეობის დამფუძნებელი, ლევან გვარამაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე ამერიკასთან მიმდინარეობს, რომელთანაც პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე შტატში ამჟამადაც ახორციელებს.

ამ ეტაპზე, კომპანია ექსპორტს ყველაზე აქტიურად იაპონიაში, ნორვეგიასა და ამერიკის სამ შტატში (ნიუ-იორჯი, კალიფორნია და კონექტიკუტი)ახორციელებს. სამომავლოდ კი, ამერიკის ბაზრის გაფართოებას გეგმავს. განიხილება როგორც არსებულ ბაზრებზე რაოდენობების ზრდა,ასევე ახალი საექსპორტო ბაზრების დამატება. 

მისივე ინფორმაციით, ქვეყნებთან მოლაპარაკება დიდი ხანია აქტიურ ფაზაშია. თუმცა, პროცესის გაჭიანურება ლოგისტიკურმა ფაქტორებმა განაპირობა.

"ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ძირითადად, HOReCa სექტორში ხორციელდება. ვაწარმოებთ, დაახლოებით, 15 სახეობის პრემიალურ ღვინოს, რომლის 60% ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება,"- აცხადებს გვარამაძე.

მეურნეობის დამფუძნებლის განმარტებით, კომპანია წლიდან წლამდე დაახლოებით 20%-ით იზრდება და ვითარდება. შესაბამისად მოლოდინია, რომ მომავალ წელსაც ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება.

ცნობისთვის, "გვარამაძის მეღვინეობა" კახეთის რეგიონში მდებარეობს და  ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. 

Businesspartner