გვაქვს მოლოდინი, მთავრობა ქართულ ავიაკომპანიას დაეხმარება - Georgian Airways-ი
„გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა დაეხმარება ქართულ ავიაკომპანიას“, - Georgian Airways-ი პანდემიის გამო, ათობით მილიონი დოლარის ზარალზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ გარკვეულ შეღავათებს მიიღებს, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიიღო ავიაციის სექტორმა.
„ფინანსური დახმარება შესაძლოა იყო სხვადასხვა ფორმის. არ არის აუცილებელი გარკვეული თანხა მოგვცენ და გვაჩუქონ. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ფორმაზე, როგორიც არის არსებული დავალიანებების რესტრუქტურიზაცია, შემდგომი წლების შემოსავლებიდან რომ დაიფაროს, ან გარკვეულ გადასახადებზე შეღავათიანი პირობების შეთავაზება, გარკვეული გადასახადების ჩამოწერა, პანდემიის, კრიზისული ვითარების გამო. არის სხვადასხვა გრძელვადიანი სახელმწიფო კრედიტი, ფინანსური შეღავათები, რომლებიც შეიძლება ჩვენ განვიხილოთ და იყოს მიღებული ის გადაწყვეტილება, რომ მთავრობა დაეხმაროს ეროვნულ ავიაცია აღიდგინოს თავი კრიზისის შედეგად მიღებული ზარალის ნეიტრალიზაციის მიზნით“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ.
რომან ბოკერია ამბობს, რომ დღესაც კი კომპანია ყოველდღიურად ზარალს იღებს.