ბიზნესი
17/10/2022

Gtex Group: კონსულტანტები მიდიან როგორც სამსახურიდან, ისე ქვეყნიდან

ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ავეჯის ცნობილი ბრენდების შემომყვანი კომპანია Gtex Group-ის ხელმძღვანელი კადრების  დეფიციტზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

მისი განცხადებით, განსაკუთრებით მწვავედ დგას  Gtex-ის მიერ წარმოდგენილ ბრენდულ მაღაზიებში  (OVS, Terranova, Penti, English Home, Enza Home, Mattalan) კონსულტანტების პრობლემა, რომლებიც  მიდიან როგორც სამსახურიდან, ისე ქვეყნიდან.

„თითქმის 1 წელი ხდება ეს პროცესი მიდის.  ქვეყნიდან ხალხის დენადობაა,ამიტომ ანალოგიური პრობლემა ბიზნესის თითქმის ყველა სექტორს აქვს,“-აცხადებს ბასილაძე.

კითხვაზე, რამდენია დღეს კომპანიის ბრენდულ მაღაზიებში დასაქმებული კონსულტანტების საშუალო ხელფასი და რას აკეთებს მენეჯმენტი კადრის შესანარჩუნებლად, ბასილაძე  განმარტავს, რომ Gtex-ის ადმინისტრაციამ სამოტივაციო პაკეტებში ცვლილებები განახორციელა, მათ შორის კი ხელფასის დაახლოებით 20%-იანი ზრდა იყო. 

საშუალო ხელფასის ოდენობას ბასილაძე არ ასახელებს.

Gtex Group-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ  არ არის გამორიცხული კომპანიამ  მიგრანტები დაასაქმოს. „ჩვენ არ გვაქვს პრობლემა არც კანის ფერზე და არც მოქალაქე იქნება თუ არამოქალაქე, ჯერჯერობით ასეთი პრეცენდენტი არ გვქონია,“-აცხადებს ბასილაძე.

კომპანია  Gtex-ი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. პირველი ბრენდი, რომელიც კომპანიამ საქართველოში შემოიყვანა Collezione იყო. ამჟამად,  Gtex-ი წარმოდგენილია ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, English Home, Enza Home, Mattalan-ი. კომპანიას საქართველოს მასშტაბით  30-ზე მეტი ობიექტი აქვს.

Businesspartner