ბიზნესი
16/10/2020

GNCC: "მაგთის" გავრცელებული საკონსულტაციო კომპანიების დასკვნები არ ემყარება ბაზრის კვლევას 

კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება ქვეყნისთვის ნეგატიურ შედეგს გამოიღებს, სიმართლეს არ შეესაბამება, - განმარტავს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია.

მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილება ბაზრის ლიბერალიზაციისა და გაჯანსაღების მიზნით მიიღო.

"აღვნიშნავთ, რომ კომპანია „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ექვსი საკონსულტაციო კომპანიის დასკვნა არ ემყარება საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევას. შესაბამისად, მათ მიერ იდენტიფიცირებული ე.წ. „რისკები“ ვერ იქნება საფუძვლიანი ან დამაჯერებელი. ასევე, დოკუმენტებში არ არის გათვალისწინებული ან სათანადოდ შეფასებული მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა MVNO რეგულაციების თაობაზე. დოკუმენტებში მოყვანილი ყველა მსჯელობა და შეფასება არის „სავარაუდო“ და „შესაძლო“, რომელიც დამკვეთის, კომპანია „მაგთიკომის“ მოთხოვნის შესაბამისად მხოლოდ „შესაძლო ნეგატიურ ასპექტებს“ - ასახავს, ამასთან ყოველგვარი კვლევისა და დასაბუთების გარეშე.

„მაგთიკომის“ მიერ საკონსულტაციო კომპანიებისთვის დაკვეთილ დასკვნებზე, კომუნიკაციების კომისიის დეტალური, დასაბუთებული პასუხი, რომელიც სრულად სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევასა და ანალიზს ემყარება.

აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიოში 1300 ზე მეტი MVNO ოპერირებს და მათი მთლიანი საბაზრო წილი 63,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ბაზრის 2.46%-ია. მათ შორის ყველაზე მეტი - 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, მეორე ადგილზეა გერმანია 135 ოპერატორით, ხოლო მსოფლიოს 53 ქვეყანას შორის, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით გაიზრდება და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს. ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებული ზრდა 89,9 მილიარდი აშშ დოლარია, წლიური 7,3% საშუალო ნაზარდით", - ნათქვამია კომისიის გავრცელებულ განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიის დეტალური პასუხი.