"გლობალ ეკო პროექტ ჯორჯია" შავი პომიდვრის წარმოებას იწყებს
გორში, ე.წ საზღვრისპორა სოფელ ნიქოზში "გლობალ ეკო პროექტ ჯორჯია - ბიომეურნეობების ჰაბი" შავი პომიდვრის წარმოებას იწყებს.
იდეა ორ მეგობარს ეკუთვნის, რომლებმაც საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს, დაფინანსება მოიპოვეს და ინოვაციური სათბური შექმნეს. პროექტის ავტორებს, გიორგი ბადაშვილსა და გურამ დევიძეს სათბურში თავდაპირველად მხოლოდ შავი, ე.წ ჩერი პომიდვრის წარმოება სურდათ, თუმცა ახლა მიკრომწვანილის წარმოებასაც გეგმავენ. კომპანია პროდუქციის რეალიზების თვალსაზრისით ჰორეკა სექტორზეა ორიენტირებული.
"უკვე გვაქვს ჰორეკა ბიზნესის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები და ვგეგმავთ, რომ ჩვენი სათბურის ტერიტორია დავყოთ რამდენიმე ნაწილად. მაგალითად, შეიძლება რედისონს უნდოდეს შავი ჩერი, ან ბილტმორს მიკრომწვანილი. სწორედ ასე, სექციების მიხედვით, რაც გვექნება მოთხოვნა ჰორეკა ბიზნესიდან, ვაწარმოებთ ამ პროდუქციას. მოთხოვნა და მზაობა ძალიან დიდია",- განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.
"გლობალ ეკო პროექტ ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ სათბური ინოვაციურია და მას საქართველოში სხვა ანალოგი არ ჰყავს. კერძოდ, ნაგებობა ისეა დაპროექტებული, რომ მთელი დღის განმავლობაში მზის ენერგიას აგროვებს, მისი სითბო კი საღამოს გამოიყოფა, რაც მცენარეების უფრო სწრაფ ზრდას უწყობს ხელს. ამასთან, სითბოს გამოსაყოფად სათბურში არსებული ღუმელები ჰაერში ნახშირორჟანგის ნულოვან გაფრქვევას უზრუნველყოფს.
"ჩვენს სათბურს აქვს თბოიზოლაცია. 1 მეტრის სიღრმეზე ამოღებული გვაქვს მიწა, ზუსტად გვაქვს აღებული აღმოსავლეთისა და დასავლეთის წერტილები, რომელსაც მზის პირველივე სხივი ხვდება. ეს სხივები გროვდება სათბურში და მცენარეების ზრდას უზრუნველყოფს. ასევე გვაქვს ინოვაციური აგურის ღუმელები, რომელიც საწვავად ნარჩენებს გამოიყენებს. ეს შეიძლება იყოს ხის მასალა, თხილის ნაჭუჭი და სხვა. გადის მეორეულ და მესამეულ წვას, რაც ჰაერში ნახშირორჟანგის გაფრქვევას გამორიცხავს",- განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის წარმოების მენეჯერი, გურამ დევიძე.