გითლი: გაძვირებული ნედლეულის პირობებში ფასს ვინარჩუნებთ
ხის ფიგურების მწარმოებელი კომპანია „გითლი“ მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო იმ შედეგზე ვერ გადის, რაც 2020 წელს, დაფუძნებისას ჰქონდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „გითლის“ დამფუძნებელმა ლაშა არეშიძემ განუცხადა, პანდემიამ, შემდეგ კი მეზობელ ქვეყანაში განვითარებულმა საომარმა მოქმედებებმა, ისევე როგორც სხვა ბიზნეს კომპანიებზე, ნეგატიური გავლენა „გითლიზეც“ მოახდინა.
მისი ინფორმაციით, საკმაოდ გაძვირდა ნედლეული, დაბალი მსყიდველუნარიანობის პირობებში კი კომპანია პროდუქციაზე ფასს ინარჩუნებს.
„გითლი“ არის ნათალი ხის ფიგურების საწარმო, სადაც საყვარელი ადამიან(ებ)ის ფოტოს აგზავნით, აქ კი, მათ ფიგურებს გითლიან.
არეშიძის განმარტებით, კომპანია პროდუქტის რეალიზებას სოციალური ქსელების მეშვეობით ახდენს. რაც შეეხება ფასებს, „გითლის“ სანათი 1-4 ფიგურის ჩათვლით, 165 ლარი ღირს.
საწარმო თბილისში, წერეთლის ქუჩაზე, ე.წ მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს.