GITA: საგრანტო დაფინანსების ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო 7 პროექტს ხელშეკრულება შეუწყდა
დღეის მდგომარეობით, GITA-ს ინოვაციების თანადაფინანსებისა (650 000 ლარიანი გრანტები) და სტარტაპების თანადაფინანსების (150 000 ლარიანი გრანტები) პროგრამის ფარგლებში, ჯამში 219 პროექტი დაფინანსდა, საიდანაც საგრანტო დაფინანსების ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო 7 პროექტს შეუწყდა ხელშეკრულება . ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში განუცხადეს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო მუდმივად ახდენს გამარჯვებული პროექტების მონიტორინგს.
როგორც GITA-ში აღნიშნავენ, ყველა გამარჯვებულ აპლიკანტს, რომელიც სააგენტოსგან დაფინანსებას იღებს, ტრენინგი ანგარიშგებასა და გრანტის მართვასთან დაკავშირებით წინასწარ უტარდება.
მათივე განმარტებით, გამოვლენილი დარღვევის (მათ შორის არამიზნობრივი ხარჯვის დადგენისას) შემთხვევაში, სააგენტო ბენეფიციარს ხარვეზის გამოსწორების ვადას აძლევს. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობისას კი, სააგენტო უფლებამოსილია ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა დაიწყოს.
„არსებული დარღვევების უმეტესობა დაკავშირებულია არამიზნობრივი ხარჯის გაწევასთან და საგრანტოს დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების წინასწარ განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობასთან. დადგენილი არამიზნობრივი ხარჯების უმეტესობა (90%-მდე) დაკავშირებულია დღგ-ს გადასახადის გადახდასთან, რომელსაც ბენეფიციარების უმრავლესობა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი პროცედურების შესაბამისად შემოსავლების სამსახურისგან იბრუნებენ.
არამიზნობრივი ხარჯების დარჩენილი ნაწილის იდენტიფიცირებისას დადგინდა, რომ თანხები სტარტაპის პროექტის მიზნებიდან გამომდინარე იქნა დახარჯული, თუმცა მათი მიზნობრივად აღიარება სააგენტოს მიერ ვერ მოხდა, ვინაიდან აღნიშნული ხარჯები წინასწარ არ იყო სააგენტოსთან შეთანხმებული და შესაბამის ბიუჯეტში გაწერილი. „- აცხადებენ GITA-ში.
ცნობისთვის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 2015 წლიდან დაიწყო ოპერირება და პირველი ტექნოპარკი 2016 წელს თბილისში, ოქროყანაში 18 ათას მ2 ტერიტორიაზე მოეწყო, რის შემდეგაც სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დივერსიფიკაცია მოახდინა და დღეს უკვე ბათუმში, თელავში, გურჯაანში, კასპში ოზურგეთში, ახმეტასა და ზუგდიდშია წარმოდგენილი.
ამჟამად, სააგენტოს მიერ 2015 წლიდან ბენეფიციარებზე გაცემულმა საგრანტო თანხებმა 36 მილიონ ლარს მცირედით გადააჭარბა. ჯამში 688 პროექტია დაფინანსებული, საიდანაც 457 მცირე გრანტი,11 რეგიონის გრანტი, 196 სტარტაპების თანადაფინანსების ( ე.წ. 150 ათასლარიანი გრანტები) და 24 ინოვაციების თანადაფინანსების გრანტია (650 ათას ლარამდე გრანტი) გაცემული.