გიორგი რამიშვილი: ზამთარში ბაკურიანი მსოფლიო მიზიდულობის ცენტრი გახდება
2023 წელს ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია და შესაბამისი ტექნიკა ახლა სატესტო რეჟიმში მუშაობს. მსოფლიო ჩემპიონატს გენერალურ სპონსორობას სილქნეტი უწევს. "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი განმარტავს, რომ ჩემპიონატის ფარგლებში ბაკურიანის და ზოგადად საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა მკვეთრად გაიზრდება.
"მთელი მსოფლიოს ყურადღება საქართველოსკენ იქნება მოპყრობილი. მთელი მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავები ჩამოვლენ. ბაკურიანი ზამთარში მსოფლიო მიზიდულობის ცენტრი გახდება. 5 წელია, ყველა ერთად ვემზადებით ამ მოვლენისთვის",- აღნიშნა მან.
რამიშვილის თქმით, ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც ჩაატარა.
"საქართველომ მოახერხა ბაკურიანში წყლის გაყვანა. ესეც მნიშვნელოვანი პროექტი დაემატა ხარჯებს. ტბები, საბაგიროები, გათოვლიანება, ყველაფერი წესრიგშია. გადაება საბაგიროები ერთმანეთს - მიტარბი, კოხტა, დიდველი. ახლა ამ ჩემპიონატს უნდა მართვა, მომსახურება. იქნება ასობით მოხალისე. ჩემპიონატი შედგება და ეს იქნება ჩვენი დიდი გამარჯვება",- განაცხადა რამიშვილმა.
ცნობისთვის, 2023 წელს ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს საერთაშორისო ფედერაციის 51-ე კონგრესზე 2018 წელს მიიღეს. ტურნირი 19 თებერვალს დაიწყება და 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.