გიორგი პერტაია: ჯანდაცვის სექტორი ძლიერია და გვაქვს კარგი პროდუქტი მსოფლიოში გასაყიდად
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბრობს.
პალატის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საინვესტიციო გარემოს შექმნაზე გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკა.
"უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზაზე, ბევრი რამ, რაც საინვესტიციო გარემოზე მოქმედებს, არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მაგალითისთვის, რამდენად პოლიტიკურად სტაბილურია რეგიონი და რა საგარეო პოლიტიკური პრობლემები გვაქვს, ქვეყანა კონფლიქტურ ვითარებაშია რუსეთთან და ა.შ. ამით, იმის თქმა მინდა, რომ უცხოელი ინვესტორები, რომელსაც სურთ გარკვეული თანხის ჩადება, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს უყურებენ და მათთვის რთულად გადასაწყვეტია საქართველოში ინვესტიციის განხორციელება. თუმცა, არის წარმატებული მაგალითებიც, თუნდაც ისრაელი, სადაც ინვესტიციები მიდის და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის,’’- აცხადებს პალატის პრეზიდენტი.
გიორგი პერტაია მიღწევების ნაწილში ასახელებს იმ სფეროებს, რაც არის Doing Business-ში ჩამოთვლილი მიმართულებები - საბაჟო, საგადასახადო, ტვირთის მოძრაობისა და კომპანიის დარეგისტრირების. მისი თქმით, ეს ყველაფერი ყველაზე სწრაფად კეთდება ქვეყანაში, მაგრამ გვაქვს პრობლემებიც.
"ერთი მხრივ, ქვეყანას აქვს ძალიან კარგი პროდუქტი - საქართველოს მთავრობას აღმოაჩნდა კრიზისის ეფექტური მართვის უნარი. ამასთან, ჯანდაცვის სფერო არის ძლიერი და ინვესტორი კომპანიები აუცილებლად გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს, რადგან ეს მომავლის ახალი ტრენდია. ამჟამად, კომპანიები ცვლიან მიდგომას თავიანთი ფინანსური მოდელების მიმართ. დღეს, შეფასების სისტემას კრიზისების მართვის უნარი და ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი დაემატა. რაც არ უნდა გადასახადები იყოს დაბალი, თუ ჯანდაცვის სფერო არ არის ხარისხიანი, ბიზნესი საერთოდ დაიკეტება. სწორედ ამ სახით, ჩვენ გვაქვს კარგი პროდუქტი და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არის გამოწვევებიც“.
გამოწვევების ნაწილში გიორგი პერტაია ერთ-ერთ მთვარ პრობლემად მუშახელის სიმწირეს ასახელებს და მიიჩნევს, რომ რეალურად საქართველოში, თურქეთთან შედარებით მუშახელი იაფია.
"სწორედ იაფი მუშახელის გამო, ტექსტილები ნელ-ნელა ჩვენსკენ გადმოდიან, მაგრამ მთლიანობაში ხარისხი ამ მუშახელის საკმაოდ დაბალია. ამ ნაწილში, მთავრობამ უნდა გააქტიუროს მუშაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ მსხვილი კომპანიები უკვე თავად აფუძნებენ პროფესიული განათლების სასწავლებლებს, თუმცა თავისით ეს სფერო ვერ განვითარდება’’-აცხადებს პერტაია.