ბიზნესი
02/07/2020

გიორგი პერტაია: ინვესტორები გადაწყვეტილების მიღებისას Covid-19-თან ბრძოლის შედეგებს გაითვალისწინებენ

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია საინვესტიციო და საპრივატიზაციო პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხმაურიანი პოლიტიკა. პალატის პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა მეტი პოზიტიური გზავნილების გაკეთება და საქართველოს, როგორც კოვიდ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით პოზიციონირება. მისივე თქმით, საინვესტიციო პოლიტიკასთან მიმართებით, ქვეყანას პანდემიასთან გამკლავების შემდეგ დიდი პოტენციალი გააჩნია.

"ინვესტორების ხედვა ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით შეიცვალა, რაც განპირობებულია COVID19-ის პანდემიით. პანდემიამდე ინვესტორები გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემდეგი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ ეს იყო ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა, გარემო, საგარეო რისკები, მუშახელი და ა.შ.. დღეს, ვითარება შეიცვალა, ინვესტორები გარდა ამ ფაქტორებისა პრიორიტეტად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ითვალისწინენებენ მთავრობის უნარს თუ როგორ მართავს კრიზისს და ასევე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მოწყობას. Covid-19-ის პანდემიამ დაანახა ინვესტორებს, აღნიშნული ფაქტორების აუცილებლობა ინვესტიციების განხორციელებისთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოს უნდა იყოს ხმაურიანი პოზიტიური გზავნილებით და დღეს, ეს გზავნილები შეიძლება იყოს საქართველოს, როგორც კოვიდ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით პოზიციონირება,“ - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

პერტაიას აზრით, პრივატიზაციის პოლიტიკასთან მიმართებით, მნიშვენელოვანია, რომ სახელმწიფო ქონების გადაცემა უსასყიდლოდ განხორციელდეს, მაგრამ იყოს ვალდებულებებით დატვირთული.

"აღნიშნული პოლიტიკის უპირატესობა, კი გრძელვადიან სტრატეგიის გათვალისწინებით სახელმწიფოსთვის უფრო დიდი სარგებლის მომტანია, ვიდრე ერთჯერადად მაღალ ფასად გასხვისებული მიწის ნაკვეთი. თუმცა, გასათვალისწინებელი, რომ სახელმწიფოს ვალდებულებით გადაცემულ ქონებასთან მიმართებით შემუშავებული უნდა ჰქონდეს მათ შესრულებაზე მონიტორინგის ეფექტური მექანიზმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ვალდებულებების შესრულების პერსპექტივა ნაკლებია. გარდა ეფექტურობისა, მონიტორინგის მექანიზმი უნდა იყოს ერთნაირი ყველას მიმართ, რაც კონკურენტუნარიანი და სამართლიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების გარანტიაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ მომენტში საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით კარგი პოზიცია გააჩნია, რაც ძირითადად განპირობებულია პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლით. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ინვესტიციების მოზიდვაზე პასუხისმგებელმა გუნდმა აქტიური საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოოს. მიუხედავად ამ პრინციპული უპირატესობისა, საქართველოს მაინც მაღალი კონკურენციის პირობებში მოუწევს არსებობა, რადგან ის ეკონკურენტება ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც უკვე რამდენი ათეული წელია აქვთ ინვესტიციების მოზიდვის გამოცდილება და შექმნილი აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა,’’ - აღნიშნავს პერტაია.

მისივე თქმით, 2020 წელს პირდაპირი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების შემცირება მოსალოდნელია, რაც განპირობებულია პანდემიის ნეგატიური შედეგებით რეგიონში. ,,ამ მიმართულებით დღევანდელი სტრატეგიაც არის შესაცვლელი და დასაწყებია მუშაობა სხვა საინვესტიციო ბაზრებზე. ასევე მნიშვნელოვანია ერთი მსხვილი ინვესტორის შემოსვლა ქვეყანაში, რასაც ჯაჭვური რეაქციით მოჰყვება სხვა მსხვილი ინვესტორების შემოსვლაც“, - ამბობს პალატის პრეზიდენტი.

 

Businesspartner