გიორგი კოდუა ყარაბაღის შეთანხმებაზე: საქართველოსთვის ეს მოცემულობა მიუღებელია
საქართველო სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას კარგავს, - Hub Georgia-ს დამფუძნებელი აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ 9 პუნქტიან ხელშეკრულებას აფასებს.
ხელშეკრულების თანახმად, სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, ხოლო სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალაური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ.
გიორგი კოდუას თქმით, რუსეთი კავკასიაში პოზიციებს მნიშვნელოვნად იმყარებს და მთავარი ეკონომიკური მოთამაშე ხდება, რომელიც თავად დაადგენს ყველა იმ პროდუქტის ფასს, რომელიც ევროპის ქვეყნებში აზიიდან გადის.
"რუსეთმა მოიპოვა უფლება განიმტკიცოს პოზიციები ყარაბაღში სამშვიდობოების განლაგებით, რაც რუსეთის საერთაშორისო იმიჯზე იმგვარად აისახება, თითქოს რუსეთია რეგიონში მთავარი მშვიდობისმყოფელი. ეს მოცემულობა, საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია. რუსეთის დაწინაურება რეგიონში, საქართველოს პოზიციებს მნიშვნელოვნად შეასუსტებს, შეამცირებს ფინანსურ შემოსავლებს და ასევე ნეგატიურად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. საქართველოს გეოპოლიტიკური უპირატესობები დაკავშირებულია მის ეკონომიკურ და პოლიტიკურ როლთან კავკასიაში, ინტეგრაციის მიმართულებებთან ევროკავშირთან, ურთიერთობებთან და სატრანსპორტო დერეფნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასთან. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას დაკარგავს, ხოლო კონკურენტი დერეფნის ამუშავება დიდ ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს საქართველოს ისედაც სუსტ ეკონომიკას,“ - განაცხადა გიორგი კოდუამ.