გიორგი ჯახუტაშვილი: საქართველოში ყაზახ ბიზნესმენებს $250 მლნ აქვთ ინვესტირებული
საქართველოში ბიზნესის წარმოებას თავისი სპეციფიკა და თავისებურება გააჩნია, - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საინვესტიციო ჯგუფ კაპიტოლის გენერალურმა მენეჯერმა და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილმა განაცხადა.
გიორგი ჯახუტაშვილმა ყაზახური ბიზნესის საქართველოთი დაინტერესებაზე და ამ ინტერესის ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრა. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 250 მლნ დოლარის ყაზახური ინვესტიციაა ჩადებული, არაოფიციალურად ეს რიცხვი 0.5 მლრდ დოლარს აღემატება, რაც დაბანდებულია ბათუმის პორტში, ნავთობტერმინალში, ნავთობკომპანიაში, ბანკში, საკომუნიკაციო კომპანიაში, ავიახაზებსა თუ უძრავ ქონებაში.
"250 მლნ აშშ დოლარის საქართველოს ინვესტიციაში პოსტ საბჭოთა სივრცეში, არამეზობელ ქვეყანებს შორის ჩადებული უმსხვილესი ინვესტიციაა, ეს ძალიან დიდი რიცხვია. საქმიანი ურთიერთობები უკვე იმ დონეზეა ჩამოყალიბებული, რომ ელემენტარული ხელშეწყობით შესაძლოა ეს ციფრი გასამმაგდეს და გაოთხმაგდეს კიდეც“, - განაცხადა გიორგი ჯახუტაშვილმა და აღნიშნა, რომ ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან დიდი შესაძლებლობებია, რაც ჯერ კიდევ გამოუყენებელია.
საპატიო კონსულმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რასაც ბიზნესმენები საქართველოში აწყდებიან.
„ყაზახური ბიზნესის საქართველოში შემოსვლა აყოლილი იყო ზრდის იმ ტენდენციას, რომელიც დაიწყო 2006 წლიდან... შემოდიოდნენ უკითხავად, ბაზრის მოკვლევის გარეშე, იწყებდნენ აქტივობებს, შედიოდნენ უძრავ ქონებასა თუ სხვადასხვა ბიზნესში, მხოლოდ ნდობის საფუძველზე. ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აზიური და შუა აზიური კულტურისთვის, თუმცა შემდეგ ხვდებოდნენ პრობლემებს. ყველაფერზე ხელი რომ არ გავიშვიროთ და არ დავაბრალოთ მთავრობას, ძალიან მნიშვნელოვანია თავად ბიზნესის წარმოების დამოკიდებულება და გამოცდილება საქართველოში საქმის წარმოებისა, რადგანაც ის თავისებურია. თითქოს „ერთი ფანჯრის პრინციპია“, მაგრამ მთლად ეგრეც არ არის. საქართველოში ბიზნესის წარმოებას თავისი სპეციფიკა გააჩნია“, - განმარტავს გიორგი ჯახუტაშვილი და აღნიშნავს, რომ საპატიო კონსულის საქმიანობა სწორედ ბიზნესის დახმარება იქნება, რომ საქართველოთი დაინტერესებულ ინვესტორებს გაუადვილდეთ საქართველოში საქმიანობა.
„ხელი შევუწყოთ საქმიანობის წარმოებაში, ვინც პრობლემებში ჩავარდა მივცეთ საშუალება პრობლემები გადალახოს, ვინც ახლა აპირებს შემოსვლას, მათ მივცეთ საშუალება ნაკლები პრობლემით, მარტივად და ნაკლები შეცდომებით გაიარონ ეს გზა“, - ამბობს საპატიო კონსული.
საინვესტიციო ჯგუფის გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ აუთვისებელია სავაჭრო, საინვესტიციო და ტურისტული მიმართულებები, რასაც სჭირდება მიზანმიმართული, ფოკუსირებული და დაკვირვებული მუშაობა.