ბიზნესი
22/12/2020

გიორგი ჯახუტაშვილი: პანდემიის მიუხედავად, საქართველოში $30 მლნ-ის ყაზახური საინვესტიციო პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს

პანდემიის მიუხედავად, ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში შეუფერხებლად მიმდინარეობს 30 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტები, ხოლო 70 მილიონის მომზადების პროცესშია, მათ შორის შოვის ბალნეოლოგიური კურორტი, - ამის შესახებ საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებს.

გიორგი ჯახუტაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებთან მიმდინარეობს მუშაობა, რათა ხელი შეეწყოს ყაზახური კაპიტალით შექმნილი კომპანიების განვითარებას და ასევე, ახალი საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობის რეალიზაციას.

„მდგომარეობა მძიმეა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. მდგომარეობის შემსუბუქებისა და გაუმჯობესებისთვის ზრუნვა თითოეულ ჩვენგანს მართებს. ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის სურვილი და მიზანია, ჩემი საქმიანობით წვლილი შევიტანო საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაში.

ფაქტია, ქვეყნის ჯანდაცვას, განათლებას, უსაფრთხოებას, რეგიონულ განვითარებასა და დემოგრაფიული პრობლემების დაძლევას უფრო მეტი ფინანსური რესურსი სჭირდება. სამყოფი ფინანსური რესურსი ვერ შეივსება მხოლოდ საერთაშორისო დახმარებებითა და საგარეო ვალებით. ჩვენ ვალდებული ვართ, შევქმნათ მუდმივი შემოსავლების მქონე ეკონომიკა, რასაც მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შენარჩუნებითა და გაზრდით შევძლებთ. ჩემი, როგორც ყაზახეთის საპატიო კონსულის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, ვიზრუნო საქართველოსა და ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომლის განუყოფელი ნაწილია ინვესტიციებზე ზრუნვა“, - აცხადებს გიორგი ჯახუტაშვილი.

მისივე განცხადებით, საქართველოში ყაზახური კაპიტალით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, ჯამური საინვესტიციო მოცულობა სცდება 450 მილიონ აშშ დოლარს. აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულია 3 500-ზე მეტი ადამიანი.

„მე უკვე პირდაპირი კომუნიკაცია მაქვს მრავალ მათგანთან და მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, ყველა კომპანია აგრძელებს აქტიურ განვითარებას. ამასთან, ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შეუფერხებლად მიმდინარეობს 30 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტები, ხოლო 70 მილიონის მომზადების პროცესშია, მათ შორის შოვის ბალნეოლოგიური კურორტი.

არსებობს შემაფერხებელი ფაქტორებიც, მაგალითად, გართულებული ავიამიმოსვლის გამო, ინვესტორები თავს იკავებენ მგზავრობაზე, რაც თავისთავად, აფერხებს გადაწყვეტილებების პროცესს. მიმდინარე და სხვა სისტემურ პრობლემებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, სხვა სახელისუფლებო რგოლებთან და ერთობლივად ვცდილობთ, შევქნათ განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები. აქტიურად განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს ახალი საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობის რეალიზაციას“, - აღნიშნავს გიორგი ჯახუტაშვილი.